დღეს კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე იმის, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, რომ სასამართლო გაუქმებულია. – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბექა ბასილაიას თქმით, სასამართლომ ჯერ კიდევ შაბათს იცოდა, რომ პენიტენციური სამსახური არ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას სასამართლო პროცესზე.
“ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის ფონზე, მაშინ, როდესაც ყოველ წუთას ვსაუბრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები უნდა შედგეს და მას უნდა მიეცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, პენიტენციურ სამსახურს პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული და სასამართლოც ალბათ ტექნიკურ მიზეზს იტყვის, რომ კანცელარიაში იყო და არ ვიცოდითო.
შაბათ დღეს ეს პოზიცია უკვე არსებობდა, შაბათს მათ უკვე იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს აქ, სასამართლო პროცესზე არ მოიყვანდნენ. უნდა დავაფიქსიროთ, რომ სასამართლო სხდომა, ეს პროცესი არ ჩაინიშნა მანამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა. პირადად ბადრი კოჭლამაზაშვილი იღებდა დავალებას, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იქნებოდა იმდენად მძიმე, რომ მიზეზად მოეყვანა პენიტენციურ სამსახურს, რომ მისი გადმოყვანა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეუქმნიდა საფრთხეს, მანამდე არაფრის დიდებით არ ჩაეტარებინა პროცესი.
ჩვენ გვახსოვს 10 ნოემბერს შეეძლო ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში მოსვლა, მაგრამ არ მოიყვანეს და ახლა უნდათ ეს ფორმალურ მიზეზად მოიტანონ. ყველას კარგად ესმის ამ ქვეყანაში, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს ესმის, ვინც ამ პროცესებში ჩართულია, რომ მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო სისტემა არ არსებობს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირეbით ხდება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება”. – ამბობს ბექა ბასილაია.