ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ბოლო პერიოდში გამართული აქციები ეპიდვითარებაზე კატასტროფულ გავლენას მოახდენს.
ამასთან,კულუმბეგოვი ე.წ მწვანე ბარათების აუცილებლობაზეც საუბრობს და ფიქრობს, რომ აღნიშნული ბარათების შემოღება პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე ჭიანურდება.
„ვეჭვობ, მთავარი განმსაზღვრელი პოლიტიკური პროცესებია, რის გამოც გადაწყვეტილებები მყისიერად და სწრაფად არ მიიღება, არადა ეს მოსახლეობისთვის და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანიაა. ვისურვებდი, რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს „მწვანე ბარათები“.
ვფიქრობ, საყოველთაო გამოსვლები, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე მართავს და გაგანია პანდემიის დროს შეკრებები, რომლებიც კვირაგამოშვებით ეწყობა, ძალიან სამწუხარო რეალობაა, რა მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს ის.
წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ეს არის კატასტროფის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მინდა, ეცოდებოდეთ და ებრალებოდეთ მათ [პოლიტიკოსებს] საკუთარი მოსახლეობა და ასე არ ექცეოდნენ. ეს ეხება ყველას“, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.