ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებას, განსაკუთრებით კი 60 წლის ასაკის ზემოთ და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს მოუწოდებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ორმაგი პირბადე ატარონ.
ამის შესახებ კულუმბეგოვმა “პირველ არხთან” განაცხადა და აღნიშნა, რომ სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, ორი პირბადის ტარება აუცილებელია.
„ჩვენ ვხედავთ, თბილისის მასშტაბით რა სიტუაციაში ვართ. ნებისმიერ ავტობუსს რომ გახედოთ, განსაკუთრებით, საღამოს საათებში, ვნახავთ, რომ იქ დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ამიტომ, ყველას და განსაკუთრებით, 60 წლის ასაკის ზემოთ და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს ვთხოვ, საქალაქო ტრანსპორტში ორმაგი პირბადე ატარონ, რითაც მათი დაცვის ხარისხი გაიზრდება“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.
როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, ორმაგი პირბადის ტარება ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად არ არის საზიანო.
„ადამიანები ამბობენ, რომ პირბადეში იხუთებიან. ლამის, ასე აყენებენ საკითხს, რა მნიშვნელობა არ აქვს, პირბადე მოკლავს თუ კორონაო. ნამდვილად მინდა, ვთქვა და მეცნიერულად არის დადასტურებული, რომ ნახშირორჟანგის მოლეკულის ზომები იმდენად მცირეა, მას ყველანაირი ნაჭრის წინაღობის გადაძლევა შეუძლია. ამიტომ, ადამიანის ორგანიზმში ნახშირორჟანგის შემცველობა არც ერთი პროცენტით არ იმატებს და არ ვარდება ჟანგბადის კონცენტრაცია. ორმაგი პირბადის ტარება ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად არ არის საზიანო“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.