ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ცნობით, დონბასში რუსეთის საჰაერო აქტივობა კვლავ მაღალია. რუსული ჯარები ახორციელებენ საჰაერო დარტყმებს როგორც მართვადი, ისე უმართავი თვითმფრინავების გამოყენებით.
ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ რუსეთის უუნარობამ, ჩაეხშო ან გაენადგურებინა უკრაინის სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემები ომის საწყის დღეებში, შეზღუდა მისი შესაძლებლობა, განახორციელოს ტაქტიკური საჰაერო მხარდაჭერა სახმელეთო მანევრირების ელემენტებზე, რამაც ხელი შეუშალა კიევის მიმართულებით რუსების წინსვლას.
შედეგად, რუსული საჰაერო მოქმედებები დიდწილად შემოიფარგლება დარტყმებით საჰაერო და ზედაპირული საკრუიზო რაკეტების გამოყენებით, რასაც ისინი უკრაინული ძალების და მათი მარაგების გადაადგილების შეფერხებისთვის იყენებენ.
თუმცა, ამ დარტყმებმა კონფლიქტზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოახდინა და შედეგად, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად ამოწურულია რუსეთის ზუსტი მართვადი რაკეტების მარაგი.
ბრიტანული დაზვერვა ასევე წერს, რომ რუსეთმა თავისი ოპერაციული ფოკუსი დონბასზე გადაიტანა, რამაც მას საშუალება მისცა, გაზარდოს ტაქტიკური საჰაერო გამოყენება საჰაერო დარტყმებითა და მასობრივი საარტილერიო ცეცხლით.
საჰაერო და საარტილერიო დარტყმების ერთობლივი გამოყენება მნიშვნელოვანი ფაქტორია დონბასის რეგიონში რუსეთის ბოლო ტაქტიკურ წარმატებებში.
დაზვერვის განცხადებით, უმართავი რაკეტების გამოყენებამ გამოიწვია დონბასში დიდი ტერიტორიის განადგურება, რასაც მოჰყვა მსხვერპლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება.