ჩხოროწყუში “ქართული ოცნების” საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ჯუმბერ იზორიამ 13 ხმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენელმაც დაუჭირეს მხარი.
“ქართულ ოცნებას” საკრებულოში 12 დეპუტატი ჰყავს, ხოლო ოპოზიციას ჯამურად – 15 დეპუტატი. საკრებულოს თავმჯდომარის დანიშვნას 14 წევრის ხმა სჭირდება.
დღევანდელი კენჭისყრისას ერთი ბიულეტინი ბათილად გამოცხადდა, რადგან ორივე კანდიდატი გადახაზული იყო. მეორე კანდიდატი, გიორგი გახარიას პარტიიდან არჩევის პროცესს გამოეთიშა.
ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი იყო, ჯუმბერ იზორია ქართული ოცნებიდან და შოთა წურწუმია გახარიას “საქართველოსთვის” პარტიიდან.
გახარიას პარტიაში და ენმ-ში ისმის ურთიერთბრალდებები, რომელი პარტიის კანდიდატი გაიყიდა, თუმცა არცერთი მათგანი ამას არ აღიარებს.
“ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა არ მივიღებთ ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, რადგან 7-ვე წევრში და ლელოში ვართ დარწმუნებული. არ ვიცი, გახარიას გუნდში რა მოხდა. გამოდის, ჯუმბერ იზორიას კანდიდატურა ისევ ჩავარდება. ზუსტად ვიცი, ჩვენი გუნდიდან არავის გაუფუჭებია ბიულეტინი და არც ქართული ოცნებისთვის მიუცია ხმა. გამოდის, ვიღაც გაიყიდა. ახლა, ხელახალი კენჭისყრისას, სადაც ჯუმბერ იზორია ერთადერთი კანდიდატი იქნება, ის ადამიანი ხომ მიიღებს მონაწილეობას და აბტომატურად იქნება გაყიდული” – განაცხადა ჩხოროწყუს საკრებულოს დეპუტატმა ენმ-დან ოთარ შენგელიამ.
განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ არც პარტია “საქართველოსთვის” გუნდის წევრები. იქაც უარყოფენ, რომ “ქართულ ოცნებას” მათი რიგებიდან დაუჭირეს მხარი.
ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ყველაზე მეტი ხმის მქონე “ქართული ოცნების” კანდიდატი ჯუმბერ იზორია.