უკრაინას ნეიტრალიტეტის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას, შესაძლოა, მინიმუმ ერთი წელი დასჭირდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება უკრაინელმა ხალხმა – და არა პოლიტიკოსებმა – ეროვნულ რეფერენდუმზე უნდა მიიღოს.
არახამიამ განმარტა, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას სამი მილიონი მოქალაქის ხელმოწერა დასჭირდება.
„ეს არის დიდი პროცედურა, რომელიც არ შეიძლება განხორციელდეს მშვიდობიანი ტერიტორიის გარეთ“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც რუსეთი ომის დასრულების სანაცვლოდ ითხოვს, უკრაინის ნეიტრალიტეტია. მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღიაა ამ იდეისთვის, იმ პირობით, თუ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.