სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ყველა ახალ აშენებულ კორპუსში და სახლში უნდა დამონტაჟდეს მხოლოდ „ჭკვიანი მრიცხველი“, რომელიც ავტომატურად, ყოველდღიურ რეჟიმში გადასცემს ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ ინფორმაციას მონაცემთა ბაზას და მომხმარებელსაც ინტერნეტის მეშვეობით ყოველდღიურად შეუძლია აკონტროლოს ელექტროენერგიის მოხმარება.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია ე.წ ჭკვიან მრიცხველზე გადასვლა სისტემის გასაუმჯობესებლად. რაც შეეხება მანამდე აშენებულ საცხოვრებელ სახლებს და კორპუსებს, დავით ნარმანიამ განმარტა, რომ კეთდება 5-წლიანი გეგმა, რომლის ფარგლებში აღნიშნულ კორპუსებში და სახლებში მრიცხველებს „თელასი“ გამოცვლის და მომხმარებლებს დამატებითი საფასურის გადახდა არ მოუწევთ.
„მნიშვნელოვანია ე.წ. ჭკვიანი აღრიცხვის მრიცხველებზე ეტაპობრივი გადასვლა, სადაც ადამიანური ფაქტორი გამოირიცხება. ადამიანი, რომელიც კითხულობს მრიცხველს და ჩვენება შეჰყავს მონაცემთა ბაზაში, შესაძლოა, გარკვეული შეცდომა მოუვიდეს და ასეთ შეცდომებს გამორიცხავს „ჭკვიანი მრიცხველები“. სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ყველა ახალ აშენებულ კორპუსში და სახლში უნდა დამონტაჟდეს მხოლოდ „ჭკვიანი მრიცხველი“, რომელიც ავტომატურად, ყოველდღიურ რეჟიმში გადასცემს ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ ინფორმაციას მონაცემთა ბაზას და მომხმარებელსაც ინტერნეტის მეშვეობით ყოველდღიურად შეუძლია აკონტროლოს მისი ელექტროენერგიის მოხმარება. რაც შეეხება მანამდე აშენებულ საცხოვრებელ სახლებს და კორპუსებს, კეთდება 5-წლიანი გეგმა, რომლის ფარგლებში „თელასი“ ეტაპობრივად გამოცვლის მრიცხველებს და მომხმარებლებს მრიცხველის გამოცვლისთვის დამატებითი საფასურის გადახდა არ მოუწევს“, – განაცხადა ნარმანიამ „პალიტრანიუსთან”.