საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს ხმა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, როგორც უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.
დავით ზალკალიანი მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო. მისი თქმით, განხილვის მთავარი თემა უკრაინა იყო, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ხმაც, რომელსაც რუსული ოკუპაცია თავის თავზე აქვს გამოცდილი.
„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მთავარი თემა იყო, ჩვენი აქ ყოფნა და ჩვენი ხმა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის უცხო არ არის ეს გამოწვევა.
ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ოკუპაცია, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გამოცდილების გაზიარება, საუბარი და ჩვენი პერსპექტივიდან დანახული სიტუაციის განმუხტვის გზები. ამიტომ, ყველა ორმხრივი შეხვედრა, როგორ პრემიერმინისტრის, ისე ჩემი შეხვედრები, მიეძღვნა ამ თემატიკას.” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ზალკალიანის თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ეკონომიკური მიმართულებით.
დავით ზალკალიანი ასევე გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრა მხარდაჭერისა და სოლიდარობის კიდევ ერთხელ გამოხატვას ემსახურებოდა, რაც, მისი თქმით, უკრაინელებმა ძალიან კარგად იციან და საქართველოს ხელისუფლების გაჟღერებული პოზიციის მადლიერი არიან.
„მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა, განსაკუთრებით ამ მძიმე ფონზე და მართლაც, უაღრესად დაძაბული სიტუაციაა. ამას ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს, პირველი რიგში, ჩვენი უკრაინელი კოლეგები. ჩვენი შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ მხარდაჭერის და სოლიდარობის კიდევ ერთხელ გამოხატვას ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ. მათ ეს ძალიან კარგად იციან, მადლიერი არიან საქართველოს პოზიციით, რაც არის გაჟღერებული ხელისუფლების მხრიდან” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.