21.11.2024

დებატების გარეშე დემოკრატია? – რატომ გაურბის ქართული პოლიტიკა საჯარო დისკუსიას 

საქართველოში პოლიტიკური დისკუსიების არარსებობა და ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებული დუმილი ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ არც ერთი მხარე არ გრძნობს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე.

საქართველოში 8 დღეში საპარლამენტო არჩევნებია, რომელშიც მხოლოდ ხელისუფლებას არ ვირჩევთ.სასწორზე დგას არა მხოლოდ ვინ გახდება ქვეყნის მომავალი მმართველი ძალა  არამედ თავად ქვეყნის მომავალიც-  დასავლურ კურსზე დაბრუნება და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა.

 ამ არჩევნებზე გადამწყვეტი იქნება, რომელი პარტია მიიღებს მხარდაჭერას დასავლურ კურსზე დასაბრუნებლად და ევროკავშირის წევრობის პროცესის გასააქტიურებლად. თუმცა, თვალსაჩინოა, რომ ხელისუფლებას და არც ოპოზიციას დებატების გამართვა არ აინტერესებთ. ხელისუფლებას მცდელობა არ ჰქონია ოპოზიციასთან საჯარო დისკუსიაზე დაჯდეს, თუმცა  ოპოზიციასაც არ შეუთავაზებია ოფიციალურად :”მოდით, დაგვიჯექით დებატებზე!”

ეს დუმილი არა მხოლოდ პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაზე მიუთითებს, არამედ დემოკრატიულ პროცესში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე, რაც ცხადად ასახავს მმართველობის ფორმას, რომელიც საზოგადოების ანგარიშვალდებულებას გაურბის. 

რას ნიშნავს დებატი და რატომ არის ის აუცილებელი?

დებატი პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთი ფუნდამენტური ინსტრუმენტია. კარგად ორგანიზებული დისკუსიები იძლევა საშუალებას, კანდიდატებმა მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიციები და მოქალაქეებმა შეძლონ გაარკვიონ, ვინ მუშაობს მათი ინტერესებისთვის. დებატები საშუალებას აძლევს საზოგადოებას შეადაროს პროგრამები, პიროვნული ღირებულებები და ხედვები პოლიტიკურ საკითხებზე, რაც ეხმარება მისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

სად და როგორ ტარდება დებატები დემოკრატიულ ქვეყნებში? 

აშშ: 

ამერიკაში დებატები საარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, 1960 წელს ჯონ კენედისა და რიჩარდ ნიქსონის ცნობილი დებატები დღემდე აღიარებულია, როგორც ისეთი ისტორიული მომენტი, რომელმაც გავლენა მოახდინა ამომრჩეველთა განწყობაზე. პრეზიდენტობის კანდიდატები, თუნდაც ღრმა პოლიტიკური დაპირისპირებისას, თავს ვერ არიდებენ საჯარო დისკუსიას, რადგან საზოგადოება ამას ელოდება და მოითხოვს. 

გერმანია: 

გერმანიაში დებატები სტრუქტურირებულია და მკაცრად რეგულირდება. კოალიციური მმართველობის პირობებში დისკუსიები არა მხოლოდ ამომრჩევლებს, არამედ პოლიტიკურ პარტიებსაც ეხმარება ერთმანეთის პოზიციების უკეთ გაგებაში, რაც ხშირად გავლენას ახდენს კოალიციური შეთანხმებების შედგენაზე. 

საფრანგეთი:

საფრანგეთის პრეზიდენტობის არჩევნების მეორე ტურის წინ დებატები აუცილებელი ტრადიციაა. 2017 წელს ემანუელ მაკრონისა და მარინ ლე პენის დებატებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა, რადგან მაკრონმა შეძლო თავისი პროგრამის დამაჯერებლად წარდგენა, ხოლო ლე პენის არათანმიმდევრულმა პასუხებმა გააუარესა მისი პოზიცია. 

სად არ იმართება დებატები და რატომ? 

მიუხედავად იმისა, რომ დებატები დემოკრატიის საყრდენია, ზოგიერთი ავტორიტარული მმართველობა ან მისკენ გადახრილი რეჟიმები მსგავს დისკუსიებს გაურბიან. ამით ისინი ცდილობენ:

საზოგადოებისთვის ალტერნატიული ხედვების მიწოდების დაბლოკვას.

კრიტიკის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება დისკუსიის დროს წამოიჭრას.

თვალსაწიერის შეზღუდვას, რათა მოქალაქეებმა ნაკლებად გააცნობიერონ, რომ შესაძლებელია უკეთესი მმართველობა აირჩიონ. 

მაგალითისთვის,   რუსეთში ვლადიმერ პუტინი იშვიათად თანხმდება საჯარო დებატებზე და დისკუსიებს მკაცრად აკონტროლებს, რათა თავიდან აიცილოს ოპოზიციის ხმამაღალი კრიტიკა. 

თურქეთში, ერდოღანი ცდილობს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უფრო პოპულისტურ ღონისძიებებზე დაგეგმოს , ვიდრე რეალურ დისკუსიებზე. 

რატომ გაურბის ქართული პოლიტიკა დებატებს? 

საქართველოში პოლიტიკური დისკუსიების არარსებობა და ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებული დუმილი ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ არც ერთი მხარე არ გრძნობს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. ხელისუფლების დუმილი შეიძლება ნიშნავდეს, რომ: 

– მმართველ გუნდს არ სურს კრიტიკის მიღება, რადგან იცის, რომ მას ვერ უპასუხებს. 

– დისკუსია ხელს შეუშლის პოპულისტურ ნარატივს, რომელიც ხშირად გამოიყენება წინასაარჩევნოდ. 

მეორე მხრივ, ოპოზიციის პასიურობა მიუთითებს, რომ მათთვის დემოკრატიის ინსტრუმენტების გამოყენება პრიორიტეტი არ არის. 

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს დებატების არარსებობას არჩევნებზე? 

თუ დებატები არ გაიმართება, ამომრჩეველს  გაუჭირდება გაარჩიოს, რომელ კანდიდატს ან პარტიას აქვს რეალური გეგმები ქვეყნისთვის. ამის ნაცვლად, ხალხი ხშირად მიმართავს: 

– ემოციებსა და პირად სიმპათიებს  და არა რეალურ პროგრამებს. 

–  გადაწყვეტილების მიღებისას ამომრჩეველი იხრება პოპულისტური დაპირებებისკენ, რომლებიც შემდგომ შეუსრულებელი რჩება. 

დებატები – არა პრივილეგია, არამედ აუცილებლობაა

საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ დებატები დემოკრატიის ფუნდამენტია და პოლიტიკოსებისგან მოითხოვოს ამ ფორმატის გამოყენება. მაგალითებმა აჩვენა, რომ  იქ, სადაც დებატები არ იმართება, მმართველობა დემოკრატიული გზიდან გადახრილი ან ავტორიტარული ხდება. არჩევნების წინ დისკუსიის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის სამომავლო კურსის გაურკვევლობას ქმნის. 

საქართველოში ამომრჩეველი უნდა მიხვდეს, რომ პოლიტიკური დისკუსიები არა პარტიებს შორის შოუსთვის, არამედ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვისაა საჭირო. თუ პოლიტიკოსები დისკუსიებს გაურბიან, ეს ნიშნავს, რომ მათ სათქმელი არ აქვთ და სწორედ ასეთ კანდიდატებს არ უნდა ვანდოთ ქვეყნის მომავალი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img