23.11.2024

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ახალი წელი მოდის. დგება დრო, რომელსაც ყველა, დიდიც და პატარაც, მოუთმენლად ველით. დრო, როცა ჩავიფიქრებთ და ვუსურვებთ ერთმანეთს კეთილ სურვილებს. იმედით, სიხარულით და სიყვარულით სავსე დრო, რომლის მთავარი სიმბოლო ნაძვის ხეა. ჩვენს დედაქალაქში უკვე ტრადიციად იქცა მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება. წინა წლისგან განსხვავებით, როცა ვერ შევძელით სახალხო ღონისძიების გამართვა, წელს ვაპირებთ პარლამენტის წინ, პარასკევს, 10 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე, მოვაწყოთ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება და მთელი ქალაქი გავანათოთ საახალწლო ილუმინაციებით. მინდა, მოვიწვიო ჩვენი ქალაქის მოსახლეობა, რათა ერთად ჩავიფიქროთ სურვილები და ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი და ჯგუფი „ნიუტონი“. ასე რომ, გელით ყველას პარასკევის საღამოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საახალწლო პროგრამას, თბილისის მერის თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს საახალწლო ღონისძიებებიც საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება.

„24 დეკემბერს გვინდა, საზეიმოდ გავხსნათ „საახალწლო სოფელი“, რომელიც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული. ამ ხნის განმავლობაში, აღნიშნულ ადგილმდებარეობებზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, საინტერესო ღონისძიებები ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის გაიმართება. „საახალწლო სოფელში“ განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და რაც მთავარია, თოვლის ბაბუას სახლი. აქ ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო აქტივობები და კონცერტები: ზღაპრის გმირები, საბავშვო ვორქშოფები, მსვლელობები. პატარების და არამხოლოდ მათ განწყობას თოვლის ბაბუა აამაღლებს. „საახალწლო სოფელში“ მოსულ სტუმრებს ასევე, დახვდება ღია კინოთეატრი, ყინულის დეკორირებული მოედანი, თემატური ფოტოზონები და მრავალი საახალწლო ინსტალაცია.

ყოველდღიურად, ორივე ლოკაციაზე, ანსამბლების, ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები გაიმართება. სადღესასწაულო დღეების განმავლობაში, ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში ტრადიციულად გაიმართება საახალწლო ბაზრობები და იმუშავებს კვების სხვადასხვა ობიექტი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, 7 იანვარს დიდი საშობაო კონცერტი მოეწყობა.

რაც შეეხება ახალი წლის შეხვედრას, თბილისის მერის განმარტებით, 31 დეკემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ, გრანდიოზულ, დეკორირებულ სცენაზე გალაკონცერტი გაიმართება, რომელშიც ჩართული იქნება 300-მდე მონაწილე, მათ შორის, სოლო შემსრულებლები, გუნდები, ანსამბლები, ბენდები, წამყვანები და ორკესტრი. გაჟღერდება ცნობილი ქართული სასიმღერო კომპოზიციების ახლებურად გაორკესტრებული ვერსიები.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img