თითქმის 13 წელია 2008 წლის აგვისტოს ომიდან გასული და კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში დღესაც აქტუალურია – აქამდე ვერ ხერხდება ქართველებსა და ოსებს შორის ნაბიჯების გადადგმა შერიგებისკენ და ისმის კითხვა, არის თუ არა ეს საერთოდ, შესაძლებელი. როგორია მათი ადრინდელი საცხოვრებელ ადგილების დატოვების ისტორიები და რა შეხედულებები აქვთ სავარაუდო შერიგების შესახებ? – თბილისსა და წეროვანის დევნილების დასახლებაში მცხოვრები დევნილები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან სწორედ ამაზე ყვებიან kvirispalitra.ge-ის სპეცპროექტში.
ნანა არაერთგზის დევნილია. საკუთარი ცხოვრება ჯერ ცხინვალში დატოვა, მერე კი – სოფელ კეხვში. დღეს ყველაზე მეტად ის უკვირს, რომ არც თვითონ და არც სხვა მკვიდრნი ხეობის დაკარგვას არ ელოდნენ, პირიქით – ყველაფრის აქტიური შენება მიდიოდა… ზედმეტად არავინ ფრთხილობდა, არავინ უშვებდა, რომ მტრული ღამეები მშვიდობიან დღეებს სრულად შთანთქავდა.
„ვაკეთებდით, ვაშენებდით, ვაწყობდით ყველაფერს, რაც დანაზოგი გვქონდა, იმით, ჩვენს მენტალიტეტში არაფრით ჯდებოდა, რომ შეიძლებოდა, იქაურობა დაგვეტოვებინა… ახლა რომ ვუფიქრდები, ეს იყო ძალიან არასერიოზული დამოკიდებულება საკითხისადმი, რადგანაც ყველაფერმა ამან თავი იჩინა შემდეგ, როდესაც ხეობა იძულებით დაგვატოვებინეს. ხალხი აღმოჩნდა უსახსროდ, მათ შორის მეც და ჩემი ოჯახიც.
ძალიან ხშირად ვიხსენებ ხოლმე, 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებიდან თითქმის 1 თვე ვიყავი გათიშული, არც დღე მახსოვდა, არც რიცხვი, იმდენად გაოგნებული და შოკირებული ვიყავი, რომ გონება ვერაფრით აღიქვამდა, რა მოხდა.
ეს იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ ვერაფრით ჯდებოდა ჩემს ფსიქიკაში. არადა, კონფლიქტი მიმდინარეობდა 1990 წლიდან 2008 წლამდე, ხომ?.. მიუხედავად ამისა, ყველაფერი კეთდებოდა: შენდებოდა ყველაფერი, ოჯახში ვეწყობოდით, გეგონება, იქ კონფლიქტი არ იყო. ურთიერთობებიც ნაწილობრივ დალაგებული იყო… აი, დღე ვმეზობლობდით ერთმანეთთან, ღამე ერთმანეთს ესროდნენ; დღე ჩვეულებრივი ცხოვრება იყო: ბაზარი, ვაჭრობა, ნათლობა, ქორწილებში მიპატიჟება, ყველაფერი; მაგრამ როცა დაღამდებოდა, ატყდებოდა სროლები…“
kvirispalitra.ge-ის სპეცპროექტი სრულად იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/2YhSR2y