ყველა უნდა გავიდეთ კომფორტის ზონიდან… არასწორი და არალოგიკურია, ახლა პროტესტის შეჩერება ან ფორმის შეცვლა – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და მედიკამენტებსაც იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ექიმი ეტყვის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
“არასწორი და არალოგიკურია, ახლა პროტესტის შეჩერება ან ფორმის შეცვლა. მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სპონტანურად და ემოციურად და მე ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს შიმშილობა თავისი დროის, რეჟიმის სისასტიკის თვალსაზრისით, მაგრამ, აბსოლუტურად რაციონალურად, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, ეს არაა პოლიტიკა, პოლიტიკისთვის კი არ ვშიმშილობ, ქართული ოცნება არათუ პოლიტიკას გასცდა, არამედ ის მორალურ საზღვრებს გასცდა. ჩემთვის ამის პირველი ნიშანი იყო ლექსო ლაშქარავას, გარდაცვლილი ოპერატორის ამბავი, მე ვერ ვიტყვი, რომ გაუვიდათ, მაგრამ მათ ჰგონიათ რომ გაუვიდათ, ამან სტანდარტი დააწესა, რომ ამ ქვეყანაში უკვე სიცოცხლეც აღარ ფასობს. ერთ-ერთი გადამწყვეტი ჩემთვის მომენტი იყო, როდესაც მიტინგზე გამოვდიოდი ერთ-ერთზე სიტყვით და მიხვდი, რომ რამდენჯერ უნდა ვთქვა იგივე, განა აზრი არ აქვს ამ პროტესტს, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა გავინაწილოთ ყველამ.
ყველა უნდა გავიდეთ კომფორტის ზონიდან, ეს ვიღაცისთვის შიმშილობაა, ვიღაცისთვის ღამეების თენება, ღამეებს ათევენ ჩვენი მეგობრები, ფორმა სხვადასხვაა. გამორიცხულია, ამ რეჟიმს ვერ დაამარცხებ, თუ არ გადადე ყველაფერი. ეს არის ჩვეულებრივი ბრძოლა და არანაკლებს აკეთებენ ჩემი მეგობრები, რომლებიც ახლა არ შიმშილობენ. უბრალოდ ეს არის საერთო ბრძოლის ფორმა, რომლის გარეშეც ჩვენ შედეგს ვერ მივაღწევთ”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.