“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია “ქართული ოცნების” დეპუტატების კანონპროექტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და თანამდებობა უქმდება.
“სახელწმიფო ინსპექტორის სამსახური რეალურად შექმნეს პროცესის იმიტაციისთვის, თვალების ასახვევად. მოითხოვეს უცხოელებმა, ნჯოებმა და იფიქრეს, იყოს, დავაკმაყოფილოთ პროცედურული დემოკრატიაო. იყო, იყო ეს სამსახური და უცებ ლუკა სირაძის საქმე, მერე კიდე რაღაც საქმეები და იმდენად შეჭამა ტვინი, რომ პროცედურული დემოკრატიის იმიტაციის “სიკეთე” გადაფარა დისკომფორტმა მათი ატანის და მოსალოდნელმა შარმა.
რუსეთშიც ნჯოები იყვნენ და იყვნენ, ანგარიშებშიც იწერებოდა, აი, ნჯოები ფუნქციონირებსო. მერე უკვე შარმა გადაწონა. მერე მოეწონათ აკრძალვებში გამოვლენილი “ძალა” და ახლა რასაც უნდათ, აკრძალავენ.
ესე ნაბიჯ-ნაბიჯ იწრთობა ავტორიტარიზმი”. – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებები “ართული ოცნების” დეპუტატებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. კანონპროექტს 28 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.