“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარიას თქმით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება მის მოწამვლასთან დაკავშირებით, მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობაა. როგორც ხოშტარია აღნიშნავს, ეს მმართველი პარტიის მდგომარეობაზე მეტყველებებს.
“ეს არის მცდელობა ყურადღების გადატანის აბსოლუტურად არაადეკვატურ არარელევანტურ საკითხზე. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილისა და ჩემს ჯანმრთელობაზე, არის ქართული ოცნება, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლიათ გადაწყვიტონ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამოყვანა და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა.
ლაპარაკი რაღაც შეთქმულებებზე და მცდელობა რაიმე დაპირისპირების ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან ან აქცენტების და ყურადღების გადატანა, არ გამოუვათ. ერთადერთი რაზეც მათ მოუწევთ ფიქრი არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ მოიხსნიან. მეტს ამ საკითხზე საერთოდ აღარ ვილაპარაკებ, მაქსიმუმ ვიცინო”, – განაცხადა ხოშტარიამ.