პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტში მესამე დღეა შიმშილობს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრას გამოეხმაურა.
ხოშტარიას თქმით, შეხვედრაზე რეალური პრობლემების გადაჭრის შესახებ საუბარი არ ყოფილა და თავად კარგად არის. რაც შეეხება სააკაშვილის მდგომარეობას, ის ყოველდღიურად უარესდება, ამიტომ მას ნაფიქრი აქვს იმ ფორმებზე, თუ როგორ შეიძლება გამწვავდეს მისი პროტესტი
„მას გავაცანი მოთხოვნები, თუმცა მისი მოსვლის მიზანი იყო ადამიანური მოკითხვა. ალბათ ეს მაინც კარგი მაგალითია იმისა, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი სახეზეა.
რა თქმა უნდა, პრობლემების გადაჭრაზე საუბარი არ გვქონდა. „ქართული ოცნებისგან“ მოლოდინი იმისა, რომ ისინი ან ზიზღის კამპანიას შეცვლიან ან კანონის პატივისცემას დაიწყებენ არავის არ აქვს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. მე შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც დროის შემდეგ თუ არ იქნება რეაგირება, მე ვფიქრობ ამ პროტესტის გამწვავებაზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.