სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ექიმის, რეანიმატოლოგ გიორგი გრიგოლიას განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა კონსილიუმის წევრებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ კლინიკაში. როგორც გრიგოლიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი შთაბეჭდილებით, ექიმებმა შეძლეს მინისტრის დარწმუნება.
“ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა. ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთი, როგორც ექიმის, და არა როგორც პოლიტიკური მორვაწის. ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს და ალბათ, შეეცდება რაღაცის გაკეთებას. ანუ დაეთანხმა, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არაა მიზანშეწონილი და უკეთესია, გადაყვანილი იქნას პოლიპროფილურ კლინიკაში.
ამ შეხვედრიდან დამრჩა პოზიტიური შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი ეკატერინე და მისი მოადგილე ბევრად უფრო ახლოს არიან ექიმების პოზიციასთან, ვიდრე პოლიტიკური ხელმძღვანელების” – აღნიშნა ექიმმა.