11 ივნისს, საქართველოს ეროვნულ-რეფორმისტულ საზოგადოებასთან (ერს) არსებულმა პოლიტიკის საზაფხულო ინსტიტუტმა, პოლიტიკური ლიდერობის თემაზე ორკვირიანი ლექცია-სემინარების პირველი ინტენსიური კურსი დაასრულა. ინსტიტუტმა დამთავრების სერტიფიკატები გადასცა ათზე მეტ მსმენელს. ეს ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება გახლავთ.
პოლიტიკის საზაფხულო ინსტიტუტი საქართველოს ეროვნულ-რეფორმისტულ საზოგადოებასთან არსებული, ამერიკის ქართული დიასპორის მიერ დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც ქართველ სტუდენტ-ახალგაზრდობას ყოველწლიურად, ივნისის თვეში, სთავაზობს ორკვირიან ინტენსიურ ლექცია-სემინარებს პოლიტიკური ლიდერობის თემაზე. ინსტიტუტში საბუთების მიღება იწყება ყოველი წლის ნოემბრიდან. პოლიტიკის საზაფხულო ინსტიტუტის მიზანია საქართველოში ხელი შეუწყოს პოლიტიკური ლიდერების ახალი თაობის ჩამოყალიბებას. აღსანიშნავია, რომ არსებული ლექცია-სემინარების ინტენსიური კურსის გარდა, ინსტიტუტი წლის განმავლობაში რეგულარულად ატარებს ინტერნეტ ლექციებს, ასევე პოლიტიკური ლიდერობის თემაზე, ამერიკელი პროფესორების მონაწილეობით. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ინსტიტუტის ერთობლივ პროექტს ამერიკის შეერთებული შტატების პიტსბურგის უნივერსიტეტთან.