24.11.2024

ერთი თვე გადის, შვეიცარიულ მედიებს შევთავაზეთ სტატიის დადება, მზაობა არ არის – იურიდიული ფირმა MKD

იურიდიული ფირმა “ემ ქეი დი” ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უკვე ერთი თვეა ფირმა შვეიცარიულ მედიას ივანიშვილის ფინანსურ დავაზე “კრედიტ სუისთან” სტატიის დადებას უშედეგოდ სთავაზობს.

განცხადებაში ადვოკატები არაერთხელ აღნიშნავენ, რომ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და არ გამორიცხავენ ბანკთან და მის სატრასტო სტრუქტურებთან “საკვანძო მიმოწერის” გამოქვეყნებას.

“გვსურს, მიმდინარე დავის რამდენიმე ასპექტზე მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება. დავიწყებთ შვეიცარიულ მედიაში ჩვენი მასალის გამოქვეყნების უშედეგო მცდელობის აღნიშვნით. პრაქტიკულად, აგერ უკვე ერთი თვე გადის მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში არაერთ გამოცემას შევთავაზეთ სტატიის სახით პრობლემის აღწერის საკუთარი ვერსია, თუმცაღა, მზაობა არცერთი მათგანისგან არ მოგვისმენია. ეს მით უფრო დამაფიქრებელია, თუკი მხედველობაში მივიღებთ პრობლემის სიმწვავეს, რაც ქვეყნის სისტემური ბანკის, მისი საფინანსო-საბანკო სისტემის ერთ-ერთ ფლაგმანს უკავშირდება. აქვე დავძენთ, რომ ჩვენს მცდელობაზე ერთადერთი გამოხმაურება, ისიც ირიბი, რადიო თავისუფლების საიტზე შვეიცარიული საგამოძიებო ჯგუფი ტამედიას ჟურნალისტის, ბატონი ბერნარდ ოდენალისგან იყო, რომელმაც ჩვენ მიერ გაცხადებული ინფორმაცია მედია-შეზღუდვის შესახებ ეჭვქვეშ დააყენა. დასახელებულ ინტერვიუში მან საკითხისადმი თავისი დამოკიდებულება დააფიქსირა, რასაც პასუხად მოყვა ჩვენგან შეთავაზება და ხელშეწყობის მზაობა კრედიტ სუისის ქმედებების ჟურნალისტის მხრიდან დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიების მიზნით. ეს შეთავაზება ახლაც ძალაშია, თუმცა უშედეგოდ.

ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა საბანკო ჯგუფსა და ბატონ ივანიშვილს შორის წარმოებული დავისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტების აქტუალურობას, განზრახული გვაქვს საგანგებო და ცალკე წესით მივმართოთ შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტს, საპარლამენტო ფრაქციებსა და მსხვილ პოლიტიკურ ჯგუფებს, ისევე, როგორც „ფინმა“-ს – ქვეყნის საფინანსო საზედამხედველო ორგანოს. მიმართვის საჭიროება გამოწვეულია როგორც დავისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, აგრეთვე, იმ ურთულესი მდგომარეობით, რომელშიც კრედიტ სუისის საბანკო ჯგუფი აღმოჩნდა. ისევე, როგორც შვეიცარიული მედიის შემთხვევაში, აქაც ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ ვეთანამშრომლოთ შვეიცარიელ პოლიტიკოსებსა და ქვეყნის შესაბამის უწყებებს.

ზემოთქმულთან ერთად, დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ განიხილება ბანკთან და მის სატრასტო სტრუქტურებთან საკვანძო მიმოწერის გამოქვეყნების საკითხი. ეს განზრახვაც მაღალი საჯარო ინტერესითაა განპირობებული. მეტიც: მიმოწერის გამოქვეყნების შემთხვევაში, საზოგადოება თავად შეაფასებს და დარწმუნდება იმაში, თუ რაოდენ გაუგონრად და უპრეცედენტოდ მოქმედებს ბანკი, უზღუდავს რა კლიენტს წვდომას საკუთარ აქტივებზე. ამავე მოქმედებებით აშკარაა ისიც, რომ ბანკის ხელმძღვანელობა შეგნებულად იმყოფება რეპუტაციული და ფინანსური თვითდაზიანების რეჟიმში იმ დარღვევებით, რასაც იგი ავლენს ბატონი ივანიშვილის საქმეზე. გარდა ამისა, ასეთი ნაბიჯით ჩვენ საზოგადოებას უკვე მერამდენედ ვუჩვენებთ, რომ ყველა ჩვენი პრეტენზია თუ შეფასება არის არა გამოგონილი, არამედ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს. ამავდროულად, ეს ნაბიჯი იქნება ერთგვარი გამაფრთხილებელი მოწოდება მათდამი, ვინც განიხილავს, ან შესაძლოა მომავალში განიხილავდეს, კრედიტ სუისთან საქმიან ურთიერთობაში შესვლას. ჯამში, აშკარაა, რომ კრედიტ სუისის ქვეშ არსებული ტრასტების მოქმედების ხელწერა “თანმიმდევრულია”. დიახ, ისინი თანმიმდევრულად უგულებელყოფენ ბენეფიციარის ინტერესებს და მოქმედებენ იმის დიამეტრულად საწინააღმდეგოდ, ვიდრე მათ ევალებათ. ყველა ზემოთ დასახელებულ შემთხვევაში, ბატონი ივანიშვილის ნებაა საბანკო ტრასტების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს მტკიცედ და ბოლომდე მიჰყვეს. აღნიშნული პროცესი დაწყებულია და კვლავაც გაგრძელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img