შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება დღეიდან, ქართული ენისა და ლიტერატურის საგნით დაიწყო.
“დღეიდან დაიწყო შედეგების გამოცხადება, პირველად ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოქვეყნდება შედეგები და შემდგომ დღეებში ეტაპობრივად გაგრძელდება შედეგების გამოქვეყნება. შედეგების გაგება აბიტურიენტებს როგორც ვებ-გვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებითაც შეეძლებათ. ამისათვის აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან („მაგთი“, „ჯეოსელი“) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე – 93333. ეს შედეგები არის პირველადი შედეგები, აპელაციის პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება ვარიანტების გათანაბრება და მათი საბოლოო ქულა მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ყველა საგნის შედეგის გამოცხადებას 1 კვირა დასჭირდება და 1 კვირის შემდეგ დაიწყება სააპელაციო პროცესი. აბიტურიენტებს ექნებათ 3 დღე, რომ კონკრეტულ საგანში სააპელაციო განაცხადი შეიტანონ, თუ მიაჩნიათ, რომ მათი ქულა არ არის ნამუშევრის შესაბამისი.
ამასთან, როგორც მასწავლებლების, ასევე სტუდენტებისთვის და მაგისტრებისთვის ძირითადი სესიები დასრულდა, თუმცა არ დასრულებულა დამატებითი სესიები და ეს პროცესი მთლიანად აგვისტოს 15 რიცხვამდე დასრულდება“, – აღნიშნა სოფიო გორგოძემ.