“ევროპის სახალხო პარტია” ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის სახალხო პარტიის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
,,უკიდურესად შეშფოთებული ვართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე და გაუარესებული მდგომარეობის შესახებ. სახალხო დამცველის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ არაადეკვატური სამედიცინო მკურნალობის შედეგად სააკაშვილს აწუხებს რეზისტენტული პოსტტრამვული სტრესული აშლილობა და ანორექსია. ექსპერტთა ჯგუფი ამტკიცებდა, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ შეასრულა სამედიცინო რეკომენდაციები, რამაც სააკაშვილის მდგომარეობის შემდგომი გაუარესება გამოიწვია. საქართველოს მთავრობა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია. ეს არ არის პოლიტიკური არჩევანის საკითხი, არამედ ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ თავდასხმას მმართველი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ოპოზიციის, სახალხო დამცველის, დამოუკიდებელი ექიმებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
მოვუწოდებთ ,,ქართულ ოცნებას”, სიტუაციის სიმძიმე და შესაძლო შეუქცევადი შედეგები აღიაროს. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის ჰოსპიტალში საქართველოში ან საზღვარგარეთ, სადაც მას კვალიფიციური მკურნალობა და რეაბილიტაცია ექნება. ყოფილი პრეზიდენტის არასათანადო მოპყრობა ან სიკვდილი საქართველოს მთავრობისთვის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით კუთხით ლაკმუსის ტესტი იქნება”, – ნათქვამია ,,ევროპის სახალხო პარტიის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.