გაეროს სამშვიდობო მისიები გლობალური მასშტაბით შესაძლო გათიშვისთვის ემზადებიან, თუ გენერალური ასამბლეა ვერ შეძლებს შეთანხმდეს ახალი, $6 მილიარდის ბიუჯეტის მიღებაზე. ამის შესახებ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და დიპლომატებმა განაცხადეს.
ზოგიერთი დიპლომატი შეფერხების მიზეზად მოლაპარაკებების პროცედურების ცვლილებას, ლოგისტიკის პრობლემებსა და მკაცრ მოლაპარაკებებს ასახელებს.
კეტრინ პოლარდმა, გაეროს მენეჯმენტის სტრატეგიის, პოლიტიკისა და შესაბამისობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის 12 სამშვიდობო მისიას, რომელთა უმეტესობა აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში იმყოფება, ურჩიეს, დაუყოვნებლივი გეგმების შემუშავება დაიწყონ იმ შემთხვევისთვის, თუ ახალ ბიუჯეტს დროულად არ მიიღებენ.
“ვიმედოვნებთ და დარწმუნებული ვართ, რომ წევრი სახელმწიფოები დაასრულებენ მოლაპარაკებებს”,- განუცხადა პოლარდმა ჟურნალისტებს.
თუ დადგენილ ვადაში ბიუჯეტის მიღება ვერ მოხდება, გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ფულის დახარჯვას მხოლოდ გაეროს აქტივების დასაცავად და პერსონალისა და სამშვიდობოების დაცვის უზრუნველსაყოფად შეძლებს.
გაეროს სამშვიდობო მისიების ხელმძღვანელმა, ჟან პიერ ლაკრუამ განაცხადა, რომ მისიები მკაცრად შეიზღუდება და ვერ შეძლებენ ისეთი ზომების განხორციელებას, როგორიცაა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება და პოლიტიკური შუამავლობა.
წყარო: businessformula.ge