“ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი კახიანი უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, კონტრაბანდული იარაღის გატარებაზე “შეურაცხმყოფელს” უწოდებს და ამას ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანს, გია ლორთქიფანიძეს უკავშირებს. კახიანი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია იმ სამსახურმა გაავრცელა, სადაც გია ლორთქიფანიძე ხელმძღვანელის მოადგილეა.
“რბილად რომ ვთქვათ, სიმართლესთან ამას არანაირი შემხებლობა და კავშირი არ აქვს, მაგრამ სხვანაირადაც ვიტყოდი, ეს შეურაცხმყოფელიც კი არის ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ვინმეს შეიძლება ასეთი კითხვა გაუჩნდეს.
სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება, პირიქით, კითხვები ჩნდება, რატომ შეიძლება ასეთი მოსაზრება გაჩნდეს და ხომ არ უკავშირდება ეს ისევ იმ ჰიბრიდულ ომს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს, კითხვები ჩნდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს ინფორმაცია მოდის იმ სამსახურიდან სწორედ, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედაც დაინიშნა სულ ცოტა ხნის წინ გია ლორთქიფანიძე”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.