საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გერმანურლი გამოცემა BILD-ის მასალას ეხმაურება და წერს, რომ სტატია საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან მათ კარგ თანამშრომლობაზე არ იმოქმედებს.
ელჩის განცხადებით, “ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი მის საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი”.
“ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის.
რაც შეეხება ჩემს მეუღლეს ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით”, – ამბობს ქნირში.
ცნობისათვის, 22 ნოემბერს გერმანულმა გამოცემა BILD-მა საქართველოში გერმანიის ელჩის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში მიმოხილულია გერმანიის ელჩის კონტრავერსიული გადაწყვეტილებები და განცხადებები, რომლითაც ის მუდმივად გამოხატავდა კეთილგანწყობას მმართველი პარტიის მიმართ, მაშინ, როდესაც ის ღიად უპირისპირდებოდა არასამთავრობო სექტორს. სტატიაში საუბარია ასევე, ელჩის ცოლის შემოსავლის სხვადასხვა წყაროზე, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.