პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში დამატებით ინვესტიციების მოზიდვა სჭირდება. პრემიერის თქმით, ტემპები მაქსიმალურად უნდა დაჩქარდეს და საქართველოში, რაც შეიძლება მეტი ჰესი აშენდეს, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოში ჰესების მშენებლობისთვის ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, საბოლოო მოდელის შემუშავება მიმდინარეობს და მომავალ კვირას პრეზენტაცია გაიმართება, სადაც ბიზნესს კონკრეტულ შეთავაზებათა პაკეტს წარუდგენენ.
“ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებით ინვესტიციების მოზიდვა. ტემპები მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ და ავაშენოთ, რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები. ამის თაობაზე მე დავავალე ეკონომიკის მინისტრს, ასევე ფინანსთა მინისტრს. უახლოეს რამდენიმე დღეში საბოლოო მოდელს წარმოგიდგენთ და ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში მექნება საშუალება, რომ ეს შეთავაზება ბიზნესს გავუკეთო, რომ ამით ხელი შეეწყოს დარგში გენერაციის სუბიექტების მშენებლობას და რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ჰესების მშენებლობა.
ჩვენ ელექტროენერგიის მოთხოვნა წლიდან წლამდე გვეზრდება. მოხმარება იზრდება. ამ დროს გენერაცია მოთხოვნისას და მოხმარებას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს ქვეყანას, ზოგადად ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას, ამიტომ ამ მიმართულებით, მომავალ კვირაში გვექნება პრეზენტაცია და ბიზნესს ამ შეთავაზებათა პაკეტს წარვუდგენთ,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.