უკრაინაში ომის შემჩერებელი ვხედავთ, რომ დღეს არავინ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშეა და ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია და გაუთვლელი ნაბიჯები დიდი რისკის შემცვლელია.
„დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი. ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. ამის შემჩერებელი ვხედავთ, რომ დღეს არავინ არ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. ისიც ვთქვათ, დღეს უკრაინაში ომობს უკრაინელი ჯარისკაცი და უკრაინის ჯარი, ამიტომ, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო არის დიდი გამოწვევების წინაშე და ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია და გაუთვლელი ნაბიჯები, ქმედება არის დიდი რისკის შემცვლელი. მე ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არაფერს გავაკეთებ, რაც შეეწინააღმდეგება ქვეყნის და ხალხის ინტერესს, არაფერს! მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელებ, მიუხედავად ოპოზიციის იმ ნარატივისა, რომელიც ჩამოყალიბდა და რომლითაც ისინი სპეკულირებენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა 2008 წლის ომის პერიოდიც და აღნიშნა, რომ ომი საქართველოში მაშინდელი ხელისუფლების „უგუნურმა, გაუთვლელმა და ემოციურმა პოლიტიკამ“ გამოიწვია.