ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტიის “საქართველოსთვის” დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ “თოქ-შოუების” წამყვანებთან შეხვედრაზე “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ნამახვანჰესის კონტრაქტი ზოგიერთი სხვა მსხვილი ჰესის კონტრაქტთან შედარებით, ბევრად უკეთესია.
“კარგია თუ ცუდია, მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, როდესაც ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული. ნამახვანჰესის კონტრაქტი რომ შეადაროთ სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტებს, ზოგთან შედარებით ბევრად უკეთესია. ეს უბრალოდ ფაქტია. ეს კარგი იყო თუ ცუდი, მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, როდესაც ეს გადაწყვეტილება 2019 წლის აპრილში მიიღეს და ეს კონტრაქტი გაფორმდა
სამწუხაროდ, მაშინ მე საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიყავი და ეკონომიკურ ნაწილში არც მახსოვს, ჩემი ბრალია, ჩემი პასუხისმგებლობაა, არც მახსოვს ეს კონტრაქტი, როგორ გაიარა. უბრალოდ, ეს კონტრაქტი თქვენ რომ აიღოთ და შეადაროთ სხვა მსხვილ ჰესების კონტრაქტს… ეს არ არის გარანტია, რომ კარგია ან ცუდია”, – თქვა გახარიამ.
მანვე აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა ხელისუფლებასა და ჰესის მოწინააღმდეგეებს შორის კომუნიკაციაა.
“მთავარი პრობლემა არის შემდეგში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოუსაფრთხოება პირდაპირ არის ჰიდრორესურსზე დამოკიდებული, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ჰიდრორესურსი ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის გვჭირდება. ამიტომ, პრობლემა აქ არის ეს კომუნიკაცია ხეობის დამცველებთან. ეს თუ არ მოგვარდა, პრობლემა იქნება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.