22.11.2024

გიორგი მოლოდინი: რატომ იქცა ინფორმაცია და საკომუნიკაციო საშუალებები „მომაკვდინებელ იარაღად“ ბოროტების იმპერიებისა და მათი მხარდამჭერების ხელში

რატომ და როგორ იქცა ინფორმაცია და საკომუნიკაციო საშუალებები “მომაკვდინებელ იარაღად” ბოროტების იმპერიებისა და მათი მხარდამჭერების ხელში;  რა უხილავი საფრთხე გვემუქრება თითოეულ ჩვენგანს საინფორმაციო ხმაურისა და გადატვირთვის პირობებში და რა ზიანის მოყენება შეუძლია ჰიბრიდულ ომს? –  „ვებგაზეთი“ გთავაზობთ  სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ჰიბრიდული ომების მკვლევარის, გიორგი მოლოდინის მოსაზრებებს.

დღეს, ერთი დღის განმავლობაში იმდენ ინფორმაციას მოვიხმართ/ვღებულობთ ვიდრე ადამიანები მე-15 საუკუნეში მთელი ცხოვრების მანძილზე;

სანამ თქვენ ამ სტატიის კითხვას დაასრულებთ, მანამდე მსოფლიოში იმაზე მეტი ინფორმაცია გავრცელდება, ვიდრე ბოლო 20 წლის განმავლობაში მთლიანად;

2021 წელს ყოველ ერთ წუთში 70 მილიონ მესიჯზე მეტი გაიგზავნა „ვოთსაფითა“ და „ფეისბუქით“;

2021 წლის მონაცემებით, იუთუბზე 500 საათზე მეტი მოცულობის კონტენტი იტვირთება ყოველ ერთ წუთში;

ამ მონაცემების შემდეგ ალბათ გასაგები ხდება, რაში გვჭირდება საინფორმაციო თავდაცვა და ის პლატფორმები, სადაც ამ თემებზე ვისაუბრებთ.

ინტერნეტმა რა ჰქმნა“

ვინც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება, კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა იმაში, რომ დღეს ჩვენს პრობლემას ინფორმაციის დეფიციტი კი არა, პირიქით, მისი სიჭარბე წარმოადგენს. ინტერნეტმა ერთდროულად და ყველასთვის შექმნა პერსპექტივებიცა და გამოწვევებიც. იდეაში, რა სჯობს ბევრ ინფორმაციასა და ინფორმირებულ საზოგადოებას?! საღი აზრი გვკარნახობს რომ, არც არაფერი. ჰიბრიდული ომის ავტორებიც ასე ფიქრობენ.  

ინფორმაციის გადაცემის ტრადიცულ ფორმას თუ გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ  ადამიანები, იმ პერიოდისთვის ყველაზე ინოვაციურ საკომუნიკაციო საშუალებას – რადიოს უსმენდნენ.  ანუ, ადამიანები იმ მდგომარეობაში და იმ პერიოდისთვის მოკლებულნი იყვნენ სიმეტრიულ და ადეკვატურ შესაძლებლობებს გამოპასუხებოდნენ ინფორმაციის მაშინდელ, ექსკლუზიურ მწარმოებლებს. ანუ, ერთ მხარეს იყვნენ ადამიანები ინფორმაციის მიმღებ, პასიურ პოზაში, ხოლო მეორე მხარეს სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა ტიპის ელიტები, ინფორმაციის მიმწოდებლები, რომლებსაც რაღაც თვალსაზრისით, ჰქონდათ „ექსკლუზივი სიმართლეზე“.

დღევანდელი გადმოსახედიდან ეს იყო ერთგვარი დისბალანსი, რომელიც „ცისფერი ეკრანების“, დამოუკიდებელი მედიისა და კარგი ჟურნალისტიკის დასავლური პრინციპების გამოჩენა-გაძლიერებამ  მოქალაქეების სასარგებლოდ მეტ-ნაკლებად შეცვალა, თუმცა, ყველგან არა. რიგი აზიური, დიქტატორულ-ავტორიტარული სახელმწიფოს მოქალაქეებმა ეს სიკეთე ნაკლებად იგრძნეს. რიგ ქვეყნებში დასახელებულმა ელიტებმა ეს ინოვაციები ხალხზე ძალადობის, ანუ პროპაგანდის, ანუ თავიანთ სამსახურში ჩააყენეს. მათ შორის იყო საბჭოთა კავშირიც.

ამის შემდეგ, უკვე მოდის ინფორმაციული რევოლუციის პერიოდი, რომელიც პირდაპირ შეგვიძლია დავუკავშიროთ ინტერნეტს, რომელიც დემოკრატიის სრულყოფის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური გამოგონებაა. ინტერნეტის წყალობით, მილიარდობით ადამიანმა სამყარო ლამის ხელის გულზე მოიქცია, მაგრამ შესაძლებლობების ახალი ფანჯარა ყველასთვის და მათ შორის, ბოროტების იმპერიებისთვისაც გაიხსნა. სანამ ამ უკანასკნელთა მიერ ინტერნეტის ბოროტად გამოყენების დეტალებზე ვისაუბრებ, გთავაზობთ ორ მარტივ მაგალითს რათა ვუპასუხოთ კითხვას – „ინტერნეტმა რა ჰქმნა“:  

ალბათ ბევრმა თქვენგანმა ნახა ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრეცლებული მცდარი ინფორმაცია მანდარინების შესახებ. ყალბი პოსტის ავტორები გვარწმუნებდნენ, რომ რუსეთის სუპერმარკეტებში გამოჩნდა აფხაზეთიდან იმპორტირებული მანდარინი, რომელსაც პროდუქტის წარმოშობის გრაფაში „აფხაზეთი, საქართველო“ ჰქონდა მითითებული. ფოტოს თან ახლდა ავტორის პოსტი გზავნილით – „რუსეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარეს-ო“. ეს ყალბი ინფორმაცია ათობით ათასმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა და ნახევარზე მეტს გულში კრემლისადმი დაუმსახურებელი სითბო ჩაეღვარა. მსგავსმა სიყალბემ კიდევ ერთხელ გააქტიურა ასევე მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ თითქოს კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი გასაღები მოსკოვსთან დიალოგშია, ხოლო პრობლემის მიზეზი საქართველოს სიჯიუტეა.

წარმოვიდგინოთ, რომ ვართ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, ამ ჩვენს ქართველ პოლიტიკოსს არ აქვს ინტერნეტი, არც თავისი მედიასაშუალება, მაგრამ აქვს ყალბი ინფორმაციის გავრცელების ვალდებულება. ვინ არის მისთვის ყველაზე დიდი ბარიერი? ესენი არიან ე.წ. „მედია გეითქიფერები“, ანუ კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მედია-პროდიუსერები თუ ჟურნალისტები, რომლებიც  გადაუმოწმებელ ამბავს ჩვენამდე არ მოუშვებდნენ. ინტერნეტის გამოჩენამდე სწორედ „კარგი მედია“ და „კარგი პროდიუსერები“ გვევლინებოდნენ ერთგვარ ფილტრებად ჩვენსა და სიყალბეს შორის. დღეს კი, ეს ფილტრები თითქოს გამქრალია. დიზინფორმატორებს მიეცათ შესაძლებლობა ინტერნეტის აქტიური გამოყენებით, შეცდომაში თავად ეს ე.წ. „ფილტრები“ შეიყვანონ.

  • მეორე მაგალითი ეხება ოპერატიულობას, აჩქარებულ საინფორმაციო გარემოს, სადაც მედიაპროდუქტების ხარისხმა უკანა პლანზე გადაიწია. გიჟური კონკურენციის პირობებში, თანამედროვე მედია ინფორმაციის გადამოწმებისთვის არ და ვერ იცლის. გარდა კოლეგებისა, თანამედროვე მედიას კონკურენტებად რიგითი, ე.წ. ტელეფონებით შეიარაღებული „მოქალაქე ჟურნალისტებიც“ ევლინებიან, რომლებსაც ინფორმაციის თავიანთი დამოუკიდებელი, ხშირად საკმაოდ პოპულარული არხებიც კი აქვთ. ამ ვითარებაში დაზარებული მხოლოდ მკითხველი, ხოლო მოგებული პოტენციური დეზინფორმატორია, რომელმაც იცის, რომ სკანდალს და ოპერატიულობას დახარბებული მედია ამბის გადამოწმებისთვის ვერ მოიცლის.

ჩნდება კითხვა – კონკრეტულად როგორ ხდება ასეთი საინფორმაციო გარემოს გამოყენება ჰიბრიდული ომის წარმოებისას სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად?

ომის წარმოების თანამედროვე კოქტეილში დიდი წილი სწორედ ინფორმაციული კონფრონტაციების და ზოგადად, ინფორმაციის სტრატეგიულად გამოყენებაზე მოდის და ამ დროს მთავარი მიზანი ჩვენი გული და გონებაა. ჩვენი გონების ოკუპაცია, რომელიც ინფორმაციის მანიპულაციური გამოყენებით ჩვენი ფსიქიკის დარღვევის ხარჯზე მიიღწევა. რაც პირდაპირ და ბუკვალურად არ უნდა გავიგოთ ეს არის – „ფსიქიკის დარღვევა“. ამ შემთხვევაში, ჩვენ, ადამიანიდან საღი აზრის გამოდევნაზე უფრო ვაკეთებთ აქცენტს და არა, ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე. მაგალითად, აი, ასეთ მდგომარეობაზე როდესაც კონსერვატორებად წოდებული „ვაჟ-კაცები“ ალყაში აქცევენ ჟურნალისტ ქალს მისი განსხვავებული პოზიციების გამო და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. გავიხსენოთ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის შემთხვევა. როგორ მოაქცია ალქაში და შეუაშალა ხელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში მას ძალადობრივი და ანტიდასავლური დაჯგუფების „ალტ-ინფოს“ წევრებმა.

ამ ტიპის „ფსიქიკის დარღვევას“ კიდევ უფრო ამარტივებს ჩვენი ტვინის მუშაობის სპეციფიკა, რომელიც ბუნებრივად მიდრეკილია რომ შეცდეს. ამ საქმეში მას ე.წ. „კოგნიტური მიკერძოებები“ ეხმარება. მაგალითისთვის, ერთ-ერთი კოგნიტური მიკერძოების გამო თუ თქვენ ჩემს მიერ ზემოთქმულს არ დაეთანხმებით, დიდია ალბათობა იმისა, რომ მიზანმიმართულად მხოლოდ იმ ინფორმაციის მოძიება დაიწყოთ, რომელიც მხოლოდ თქვენს რწმენა-წარმოდგენებს გააძლიერებს – ჩემი ნათქვამის საწინააღმდეგოდ, ნაცვლად იმისა, რომ ჩემი იდეების ობიექტური ანალიზით დაკავდეთ. ამ კოგნიტურ მიკეროძოებას confirmation bias-ი ეწოდება. ანუ, თუ თქვენთვის სასურველ მცდარ ინფორმაციას ხონჩით მოგართმევთ დეზინფორმატორი თქვენ გააგრძელებთ მცდარი შეხედულებებით და დარღვეული ფსიქიკით ცხოვრებას. თქვენი ქცევებიც შესაბამისი იქნება – მავნე თქვენთვის, საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის. მაგრამ თქვენ ამას ნაკლებად გააცნობიერებთ, რადგან დეზინფორმატორის დამსახურებით, თქვენი მცდარი შეხედულებების ყალბი არგუმენტები ყოველთვის თავზესაყრელი იქნება.

  შემთხვევითობა ნამდვილად არ არის სამი  სიტყვის კომბინაციით მიღებული სახელწოდება – „საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციები“. ინფორმაცია იქცა მომაკვდინებელი ძალის მქონე ვაზნად, რომელსაც მხოლოდ შესაბამის იარაღში მოთავსება და კარგი დამიზნება ჭირდება. დღეს, საზღვაო, სახმელეთო თუ საჰაერო ბრძოლის ტრადიციულ ველებს, საინფორმაციო სივრცეც ღირსეულად შეემატა. სწორედ ამ ველზე იწყება კლასიკური ტიპის ომების პირველი ეტაპის მოგება და ეს არის ის ეტაპი, რასაც ჩვენ „ფსიქიკის მოშლა-მორღვევა“ ვუწოდეთ. ამ ეტაპზე ხდება მასირებული საინფორმაციო შეტევები სამიზნე სახელმწიფოს მოქალაქეების გონებაზე, მათ განწყობებსა და დამოკიდებულებებზე. ამ ეტაპზე იწყება კარგად შესწავლილი სამიზნე აუდიტორიის კულტურული ქცევის წესებზე ზეგავლენა, ყალბი პატრიოტული გრძნობების გაღვივება, მტრული სურვილების „ეროვნულ ფასეულობებად“ მონათვლა და ყველაფერი იმის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რის მართებულობასა და სისწორეშიც კაცობრიობა დიდი ხანია შეთანხმდა. იწყება ადამიანების დარწმუნება ისეთ ყალბ ნარატივებში, რომ პუტინთან „ურთიერთობების დალაგება“ შესაძლებელია. მსგავსი ყალბი ნარატივის გაბათილებას საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების მაღალი დონე სჭირდება. ამისთვის  ქვეყანას შესაბამისი განათლების სისტემა სჭირდება, ჩვენი განათლების სისტემის პირობებში კი, ბევრად მარტივია მოსახლეობის დარწმუნება ისეთ დემაგოგიურ პოლიტიკურ დაპირებებსა და გზავნილებში, როგორებიცაა: რუსული ბაზები გონიოში ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ, სტალინი ყველაზე დიდი ქრისტიანი იყო, ნატოში აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე ვწევრიანდებით და სხვა სისულელეები.

განათლების სისტემა როგორც საკომუნიკაციო არხი…

რატომ გავაკეთე აქცენტი განათლების სისტემაზე? იმიტომ რომ განათლების სისტემა არის ერთგვარი საკომუნიკაციო არხი, რომლითაც სხვადასხვა გზავნილები, ნარატივები და ამბები, ზოგადად, ინფორმაცია, თაობიდან თაობას გადაეცემა და იწვევს შესაბამისი საზოგადოებრივი განწყობებისა თუ დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას კონკრეტული ამბების, ფაქტების თუ მოვლენების მიმართ.

ამ არხით, ანუ განათლების სისტემის გავლით, 70 წლის მანძილზე მიზანმიმართულად დამახინჯებული ინფორმაციის უწყვეტმა ნაკადმა მძიმე დაღი დაასვა დღევანდელობას. მაგალითად, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არაფერი იცის 1921 წლის ოკუპაციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იოსებ ჯუღაშვილის, როგორც 1921 წლის ოკუპაციის პირადი შემოქმედისა და ზოგადად, საბჭოეთის მიმართ დამოკიდებულებები ასეთი თბილი და ნოსტალგიური არ და ვერ იქნებოდა. ანუ, ინფორმაციამ და შესაბამისმა საკომუნიკაციო არხმა, განათლების სისტემამ გადაწყვიტა საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის ნოსტალგიური დამოკიდებულებები სტალინის, კომუნიზმის, საბჭოეთის მიმართ, რომელიც უკვე მოგვიანებით პროპაგანდამ ხავერდოვნად დააკონვერტირა ქართველების პუტინის რუსეთისადმი ლოილობასა და კაპიტულანტურ განწყობებში.

ცუდი განათლების სისტემის, არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობისა და კრიტიკული აზროვნების დეფიციტმა საუკეთესო პირობები შექმნა ყალბი მანიპულაციური ინფორმაციებისთვის. დღეს ქვეყანაში თითქმის არ არსებობს იდეა, რომლის გარშემოც განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე ადამიანები ვიტყვით, რომ კარგი, აქ, ამ თემაზე ვთანხმდებით და ამისთვის ერთად ვმუშაობთ. მოსახლეობის დიდი ნაწილი დაყოფილია „ჩვენ“ და „ისინი“ კატეგორიებად, სადაც ეს „ისინი“ ერთდროულად არიან „უცხოებიც“ და ყველაზე ახლობლებიც. მეჩვენება რომ დავკარგეთ იდეა, რომელიც ქმნის ყველაზე დიდი ინტიმს სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის და რომელსაც მერე ისეთ სიტყვაში ავსახავთ ხოლმე როგორიცაა – „სამშობლო“.

და, ბოლოს, თუ ვინმეს აქამდე ჰიბრიდული ომი „ცეცხლის წვიმად“ წარმოედგინა, უნდა გაგაწბილოთ, ჰიბრიდული ომი არაფერია სხვა გარდა საკუთარი სიმდიდრის განიავებისა, მოკეთის მოძულებისა და რაც მთავარია, ყველაზე ძვირფასის – თავისუფლებაზე უნებლიედ უარის თქმისა. და, თუ ეს ყველაფერი მიღწეულია, ომის პირველი ეტაპიც წაგებული გვაქვს. ამიტომ, საინფორმაციო თავდაცვა კრიზის დროს ქვეყნის მოსახლეობის მედეგობის ხარისხისა და ფსიქოლოგიური მზადყოფნის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად მეჩვენება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img