ამ წუთებში სოფელ გუმათში, სადაც “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქცია იმართება და რკინის ჯებირია აღმართული, ხმაურია. “რიონის ხეობის მცველები” რკინის ჯებირს ხელებს ურტყამენ და ჩაკეტილ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას მათ არ აძლევენ.
საპირისპირო მხარეს ადგილზე შეკრებილებს პოლიცია აწვება. ადგილზე ვითარება დაძაბულია.
არსებული ინფორმაციით, ჭყლეტაში მოყოლილი რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა და ისინი ადგილიდან განარიდეს. მისულია სასწრაფო დახმარების მანქანაც.
სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსის მადონა ბასილაშვილის ინფორმაციით, სოფელ გუმათში პოლიციასა და „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა დაპირისპირების დროს პოლიციამ 2 პირი დააკავა.
მისი თქმით, ამ წუთებში ხდება მათი იდენტიფიცირება. ბასილაშვილის ინფორმაციით, ისინი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, გუმათში შეკრებილ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონის მოთხოვნები დაიცვან და სიმშვიდე შეინარჩუნონ.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე რეაგირებას მოახდენს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, რიონის ხეობაში მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.