საქართველოს მთავრობა და ეკონომიკური გუნდი რომ დაფიქრდა, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ იყო საჭირო სესხის აღება. პრეზიდენტს არ აქვს ინფორმაცია, რამდენად სჭირდება ქვეყანას ამ ეტაპზე სესხის აღება – ასე უპასუხა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც მთავრობის უარი დაუფიქრებელ ნაბიჯად შეაფასა.
მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა საკუთარ განცხადებაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით სწორი აქცენტები დასვა.
„პრეზიდენტის განცხადებაში აბსოლუტურად სწორად არის შეფასებული „ნაციონალური მოძრაობის“ აბსოლუტურად არასწორი, უაზრო და უადგილო ხელმოწერა მიშელის შეთანხმებაზე.
რაც შეეხება სესხის ნაწილს, აქაც აღვნიშნეთ, რომ 2 კომპონენტი შეიძლება გამოვყოთ. ერთი ის, რომ ევროკავშირის მხრიდან რა წინაპირობებიც იყო დაყენებული სესხის მისაღებად, ჩვენი მხრიდან ყველაფერი შესრულებულია. რაც შეეხება სესხის აღებას და ფინანსურ საჭიროებას ქვეყნისთვის, ამას წყვეტს საქართველოს მთავრობა, რადგან მას გააჩნია ამის ვალდებულებაც, უფლებამოსილებაც და რესურსი, სად რომელი ფინანსური ოპერაცია ჩაატაროს ან არ ჩაატაროს, ამიტომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რამდენად იყო სწორი ნაბიჯი სესხის აღება. გასაგებია, რომ პრეზიდენტმა გარკვეული კითხვები დასვა ამ მიმართულებით, თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, როგორც ვიცით, არ გააჩნია ის რესურსი, რომ სწორი ეკონომიკური და ფინანსური ინფორმაცია ჰქონდეს, ამ შემთხვევაში რამდენად იქნებოდა სწორი ქვეყნისთვის ამ სესხის აღება, მისი კითხვაც ალბათ, აქედან გამომდინარეობს, რომ ამ ინსტიტუციას ასეთი ინფორმაცია ვერ ექნება,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.