ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ სამი ოსი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა. სამხედრო დანაშაულები, რომლებიც ბრალად ედებათ, დაკავშირებულია 2008 წლის აგვისტოს ომთან და ამ წლის 8-27 აგვისტოს შორის უნდა ყოფილიყო ჩადენილი.
ეს ოფიციალური პირები არიან: გენერალ-ლეიტენანტი მიხეილ მინძაევი, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი 2005-2008 წლებში ჰამლეტ გუჩმაზოვი და სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში დავით სანაკოევი.
„ჩემი განცხადება დაკავების ორდერებზე ფოკუსირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო პატიმრობაზე, არასათანადო მოპყრობაზე, მძევლების აყვანასა და შემდგომ უკანონო გადაყვანაზე“, – აცხადებს ICC-ის პროკურორი კარიმ ხანა.
კარიმ ხანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ გამოძიებამ გამოავლინა ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო ბრალეულობაც, რომელიც მაშინდელი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილე იყო. პროკურორის თქმით, მან განზრახ შეიტანა წვლილი ამ დანაშაულების აღსრულებაში, იგი ახლა გარდაცვლილია.
ICC-ის თანახმად, მას შემდეგ, რაც ქართული ძალები სამხრეთ ოსეთიდან განდევნეს, რუსულმა ჯარებმა და, პირველ რიგში, სამხრეთ ოსურმა ძალებმა დაიწყეს ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების, ძირითადად მოხუცების დატყვევება, რომლებსაც არ შეეძლოთ ან არ სურდათ სახლების მიტოვება და გაქცევა.
„მათ არ დაუსახელებიათ დაკავების საფუძვლიანი მიზეზი. მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ ბევრი მათგანი უკანონოდ იყო ჩაკეტილი ანტისანიტარიულ და სახიფათო პირობებში. მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ და ამცირებდნენ.
ჩემმა ოფისმა უკრაინაში სიტუაციის წინასწარი შემოწმების დროს მსგავსი ქცევის ნიმუშების მიიღო. მე ღრმად ვარ შეშფოთებული საერთაშორისო დანაშაულების შესახებ მიმდინარე ბრალდებებით, რომლებიც დღეს უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებების ფონზე ხდება“, – განაცხადა პროკურორმა.