ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ამჟამად ხელმისაწვდომი და დამტკიცებული ვაქცინები ვირუსის ყველა ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია.
ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, ჯანმოს მონაცემებით, ერთი თვის განმავლობაში, ევროპის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 60%-ით შემცირდა.
„ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ. გადაადგილების ზრდას, ფიზიკურ ურთიერთობებსა და შეკრებებს ევროპაში ვირუსის გადაცემის ზრდა შეუძლია გამოიწვიოს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.
მისი თქმით, სოციალური ზომების შემსუბუქებასთან ერთად უნდა გაიზარდოს სკრინინგის, გამოკვლევის, სეკვენირებისა და ვაქცინაციის ძალისხმევა.
„ვაქცინები შეიძლება გვირაბის ბოლოს შუქია, მაგრამ ამ შუქმა არ უნდა დაგვაბრმავოს“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.