არ უნდა იყოს სივრცე გაუგებრობისა და არასწორი გათვლებისთვის – თავდასხმა ერთზე განხილული იქნება, როგორც თავდასხმა ყველაზე, ეს არის ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გარანტია , – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საგანგებოდ გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მისი თავდაცვის გეგმის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო და ხვალისთვის ნატოს ლიდერების ვირტუალური სამიტიც მოიწვია.
„რუსეთი იყენებს ძალას და ცდილობს ისტორიის გადაწერას. ის უარყოფს უკრაინის დამოუკიდებელ და თავისუფალ არჩევანს. ნატოს ძირითადი ამოცანა არის მოკავშირეების დაცვა. არ უნდა იყოს სივრცე გაუგებრობისა და არასწორი გათვლებისთვის – თავდასხმა ერთზე განხილული იქნება, როგორც თავდასხმა ყველაზე, ეს არის ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გარანტია. დღეს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა მისი თავდაცვის გეგმის ამოქმედება, ეს არის თავდაცვითი ნაბიჯი, რათა დავიცვათ მოკავშირე ერები ამ კრიზისი განმავლობაში და ეს საშუალებას მოგვცემს გავგზავნოთ სამხედრო ძალები იქ, სადაც მათი საჭიროება იქნება. რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის მასშტაბური ზრდის საპასუხოდ, ჩვენ უკვე გავაძლიერეთ ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება ხმელეთზე, ზღვასა და საჰაერო სივრცეში. უკანასკნელი კვირების განმავლობაში ალიანსის მოკავშირეებმა ჩრდილოეთ ამერიკიდან და ევროპიდან გაგზავნეს ათასობით სამხედრო ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენ გვყავს 100-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი საგანგებო მზადყოფნაში, ჩვენი საჰაერო სივრცის დასაცავად და გვყავს 120-ზე მეტი გემი ასევე მზადყოფნაში ზღვაში. ეს ყველაფერი აჩვენებს ჩვენს მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ვალდებულების შესრულებას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია მოკავშირეების აგრესიისგან დასაცავად. მე მოვიწვიე ნატოს ლიდერების ვირტუალური სამიტი ხვალ, შემდგომი ნაბიჯების განსახილველად“, -განაცხადა სტოლტენბერგმა.