მჯერა, რომ უკრაინაში ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. უკრაინას კვლავ სჭირდება ნატოს მხარდაჭერა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან და პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნულს „დიდებული შეხვედრა” უწოდა. სტოლტენბერგმა შეერთებული შტატები უკრაინისა და ტრანსატლანტიკური ალიანსის მიმართ საკუთარი ლიდერობისა და მხარდაჭერისთვის შეაქო. მისი თქმით, აშშ-ს მხარდაჭერას ყოველდღე ცვლილებები მოაქვს უკრაინაში ბრძოლის ველზე. ნატო-ს გენმდივანმა აშშ-ის უმაღლეს პირებთან ივნისის ბოლოს მადრიდში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მზადება განიხილა, რომელიც, მისი თქმით, „უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ დროს გაიმართება“. „ომები ბუნებით არაპროგნოზირებადია და აქედან გამომდინარე ჩვენ უბრალოდ მომზადებული უნდა ვიყოთ ხანგრძლივი პერიოდისთვის”,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.
შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე თურქეთის წინააღმდეგობის შესახებ საუბრისას, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ეს საკითხი გადაიჭრება. მისი თქმით, აღნიშნულზე ნატო მჭიდრო კონტაქტშია ანკარასთან, ისევე როგორც სტოკჰოლმთან და ჰელსინკთან.