თუ კრემლის მიზანია ჰქონდეს ნაკლები NATO რუსეთის საზღვრებთან, ის მხოლოდ მეტ NATO-ს მიიღებს – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე სტოლტენბერგმა უკრაინაში არსებულ დაძაბულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების საკითხია. მისი თქმით, უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზება ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო მოქმედებაა და მიუხედავად იმისა, რომ მომავლის გეგმები ბუნდოვანია, რეგიონში კონფლიქტის რისკი დიდია.
„NATO თავდაცვითი ალიანსია. ჩვენ არ ვუქმნით საფრთხეს რუსეთს ან ვინმე სხვას. მაგრამ ჩვენი ყველა მოკავშირის დასაცავად ყველა საჭირო ზომას მივიღებთ.
ამიტომაა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, ჩვენ ვაძლიერებთ შეკავების პოლიტიკასა და თავდაცვას მთელ ალიანსში, რათა თავიდან ავიცილოთ არასწორი გათვლები ან გაუგებრობები ერთმანეთის დაცვის შესახებ ჩვენს ურყევ ერთგულებაში.
ასე რომ, თუ კრემლის მიზანია ჰქონდეს ნაკლები NATO რუსეთის საზღვრებთან, ის მხოლოდ მეტ NATO-ს მიიღებს. და თუ მას სურს დაანაწევროს NATO, ის მხოლოდ კიდევ უფრო ერთიან ალიანსს მიიღებს“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს უკან დახევისკენ და გამოთქვა მოსკოვთან დიალოგისადმი მზადყოფნა. ის მოსკოვსა და NATO-ს ყველა მოკავშირეს NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრებზე იწვევს. სტოლტენბერგის თქმით, მან წერილობით უკვე მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსაც.