საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, გადაცემა “ახალი კვირის” ყოფილი წამყვანი იმედა დარსალია არხის მენეჯმენტის მიერ დაბლოკილი ჟურნალისტებისა და თემების სიის ნაწილს ასაჯაროებს.
იმედა დარსალიამ, რომლის საავტორო გადაცემა “ახალი კვირა” საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2022 წლის თებერვლიდან დახურა,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს, 25 მარტს დასახელებული ადამიანები და თემები მხოლოდ ერთი კონკრეტული ჟურნალისტისთვის გაკეთებული “შავი სიაა”.
„ეს არის ერთი კონკრეტული ჟურნალისტისთვის გაკეთებული შავი სია, საერთაშორისო ექსპერტების შავი სია.
- რონდელის ფონდის ექპსერტების უმრავლესობა, განსაკუთრებით, ზურაბ ბატიაშვილი, რომელიც სრულიად უპარტიოა, კლასიკური ანალიტიკოსია და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
- ალექსი პეტრიაშვილი;
- თინა ხიდაშელი;
- ლაშა ბქარაძე – ისტორიულ, ძირითადად, საბჭოთა კავშირზე გაკეთებულ სიუჟეტებზე ;
- ბოლო თვეებში დაბლოკილი იყო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და უმაღლესი დონის ყოფილი დიპლომატი ეკა აკობია;
- კავკასიოლოგი, თსუ-ის პროფესორი, არაპარტიული – ლელა ჯეჯელავა;
- დაბლოკილია ატლანტიკური საბჭოს ქართული წარმომადგენლობა;
- ბათუ ქუთელია ორჯერ ჩაწერა ჟურნალისტმა რუსულ პროპაგანდაზე და ორივეჯერ შენიშვნა მიიღო;
რაც შეეხება თემებს ამ ჟურნალისტის შემთხვევაში, რომელიც საერთაშორისო თემებზე მუშაობს, უშუალოდ დაიბლოკა საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე სიუჟეტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა გუნდში; დაიბლოკა ბელორუსიის აქციები ანალიტიკურ ჭრილში – არხის მენეჯმენტს არ უნდოდა, ლუკაშენკას რეჟიმისადმი რეპორტაჟი კრიტიკული ყოფილიყო, რაც არის კატასტროფა. ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა და პარალელი გაავლო ამერიკასთან – როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, ისე რუსეთზე, ჩვენი მაყურებლის ნაწილი პრორუსია – ვციტირებ. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია,” – განაცხადა იმედა დარსალიამ.
მისი თქმით, 2 წლის განმავლობაში ანალიტიკურ გადაცემაში დაბლოკილი იყო პოლიტიკა, რომელიც „დიდი მცდელობის“ შემდეგ დაბრუნდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ გამართულ ბრიფინგზე გაცხადდა, რომ ჟურნალისტების ინტერესებს დაიცავს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”. ასევე, იმედა დარსალია და მისი გუნდის ნაწილი სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დადგენის თხოვნით მიმართავენ.