პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეგულაციების შედეგად 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს აზარტულ თამაშებზე წვდომა შეეზღუდება.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით.
გარდა ამისა, 25 წლამდე მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება.
,, დღეს წარმოგიდგენთ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს, რომელიც ფინანსთა მინისტრმა მოამზადა. ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახადებით დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. მეორე საკითხი- ასაკობრივი ზღვარი. 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. ასევე, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან; საჯარო მოხელეებს; პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე, პირებს, რომლებიც ოჯახის წევრების მოთხოვნით და სასამართლო გადაწყვეტილებით ე.წ. შავ სიაში მოხვდებიან. ჯამში, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს და მესამე საკითხი- რეკლამის შეზღუდვა. აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები მხოლოდ სპონსორების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იქნება, ძირითადად შეიძლება აღნიშნული დაშვება სპორტს შეეხოს,“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.