23.11.2024

ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები „მოდელირებული და გაყალბებულია“ – პროკურატურის შუალედური დასკვნა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, “ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია.ამასთან დაკავშირებით, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა. 

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ ჩატარდა “ტვ პირველის” ეთერში გასული აუდიოჩანაწერის ექსპერტიზა და გაკეთდა დასკვნა, რომ მონტაჟის მიზნით, სპეციალური პროგრამების გამოყენებით, მათზე დადებულია სხვადასხვა აუდიო ჩანაწერიდან აღებული ფონი და რედაქტირების შემდეგ, საბოლოოდ მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები.

კერძოდ, აუდიოჩანაწერში გამოყენებული ხმების ნაწილი არ ეკუთვნით ბერა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ჩუბინიძეს, ხოლო იმ მონაკვეთებში, სადაც მათი ხმები ავთენტურია, ჩანაწერები 2011-2012 წლებშია გაკეთებული. 

ტელეკომპანია “ტვ პირველის” გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი 6 მარტს გავრცელდა. ჩანაწერის მიხედვით, “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ. 

3-თვიანი გამოძიების შედეგად პროკურატურამ დაადგინა, რომ “კომუნიკაციის ფორმის, მოსაუბრეთა საორიენტაციო ასაკისა და მათი დაბადების თარიღების მხედველობაში მიღებით, კიდევ ერთხელ დასტურდება აუდიო ჩანაწერების მონტაჟისთვის სწორედ 2011-2012 წლებში განხორციელებული ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული საუბრების გამოყენების ფაქტი.

მიღებული ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 06 მარტს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟში არსებულ ყველა აუდიო ჩანაწერს აღენიშნება რედაქტირების კვალი და აბსოლუტურად ყველა მათგანი მიღებულია მონტაჟის გზით.

მონტაჟის მიზნით, სპეციალური პროგრამების გამოყენებით, მათზე დადებულია სხვადასხვა აუდიო ჩანაწერიდან აღებული ფონი და რედაქტირების შემდეგ საბოლოოდ მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები“. – აცხადებს პროკურატურა. 

უწყების მტკიცებით, “მოცემულ შემთხვევაში, აუდიო ჩანაწერების მონტაჟის შედეგად, შერჩევითი ფიქსაციის გზით, მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე სიტყვები და წინადადებები. მონტაჟის პროცესში გამოყენებულია საუბრის მონაწილეთა მიერ სხვადასხვა დროსა და ვითარებაში წარმოთქმული წინადადებები, სიტყვები, ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი.

საერთო ჯამში, მონტაჟის ავტორთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერების მისაღებად, ჩანაწერებში, მონტაჟის კვალი აღინიშნება 170 ადგილას”

პროკურატურის განცხადებით, “ექსპერტიზით დადასტურდა, რომ აუდიოჩანაწერში 21 ადგილას გამოიყენეს სხვა, უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს ან ანზორ ჩუბინიძეს”. 

“მონტაჟის პროცესში ამავდროულად გამოყენებულია პროგრამული იმპულსები, რომლებიც მეტყველების ნაწილის გარჩევას შეუძლებელს ხდის, ზოგ შემთხვევაში კი ახდენს ბგერების დამახინჯებას. მსგავსი მანიპულაციების ფონზე, მოსაუბრეთა მიერ რეალურად წარმოთქმული სიტყვებისგან მიღებულია დაინტერესებულ პირთათვის სასურველს მიმსგავსებული სიტყვები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ექსპერტიზით დასტურდება, რომ მონტაჟის შედეგად, სასურველი შინაარსის მისაღებად გამოყენებულია მოსაუბრეთა მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული არა მხოლოდ წინადადებები და სიტყვები, არამედ ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი”. – აცხადებს უწყება.

პროკურატურას მოდელირების ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის საუბარში ნახსენები სიტყვები – “დაგირეკავენ მინისტრები”.

“ვითარდებოდა მოსაზრება, რომ ჩანაწერები დამზადებული იყო 2012 წლის შემდგომ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში, რადგან გავრცელებული ჩანაწერის თანახმად თითქოსდა დიალოგისას ნახსენები იყო სიტყვა “მინისტრები”.

ექსპერტიზის დასკვნით კი დგინდება, რომ აუდიო ჩანაწერებში სიტყვა “მინისტრები” საერთოდ ნახსენები არ არის, არამედ მონტაჟის ფონზე, ორი სიტყვის რედაქტირების შედეგად მიღებულია სიტყვები “მილი” და “სტები”, ხოლო მათი შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია მიმსგავსებული სიტყვა მილი-სტები“. – აცხადებს უწყება და ასკვნის, რომ “ტელეკომპანია პირველის ეთერში 2021 წლის 6 მარტს ნოდარ მელაძის შაბათის რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია”. 

“აუდიო ჩანაწერებს მრავლობითად აღენიშნება რედაქტირების კვალი, აბსოლუტურად ყველა მათგანი დამზადებულია მონტაჟის შედეგად და შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია შეცვლილი, დაინტერესებულ პირთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ მონტაჟის გზით შექმნილ და ფალსიფიცირებულ აუდიო ჩანაწერებს არანაირი მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების და გამოვლენის მიზნით.

აქვე გვსურს ხაზგასმით განვაცხადოთ, რათა ავირიდოთ შემდგომი სპეკულაციები, რასაც წარსულში არაერთხელ ჰქონდა ადგილი, – კერძო საუბრის კომუნიკაციის ჩანაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს ჟურნალისტების ან მედია საშუალების მხრიდან საჯარო სივრცეში აღნიშნული ტიპის ჩანაწერის გავრცელებაზე პასუხისმგებლობის მიმართულებით”. – აცხადებს პროკურატურა.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  

ავთენტურობა არ უარუყვია თავად ბერა ივანიშვილსაც. მან თქვა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, ან მის “ოჯახს შეეხება”, “აუცილებლად პასუხს მოსთხოვს”. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img