თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა გარკვეულწილად საბოტაჟს და არა გაფიცვას.
“ეს არ იყო გაფიცვა, ეს იყო თანამშრომლებისთვის მუშაობაში ხელშეშლა, ეს იყო გარკვეულწილად საბოტაჟი, რაც ჩვენთვის მიუღებელია და ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ზომები” – განაცხადა ხმალაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და გაფიცვის საფუძველი არ არსებობდა.
“აქ მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ მათი მოთხოვნების თითქმის ყველა კომპონენტში სამსახური მუშაობდა და გარკვეული პროგრესი უკვე მიღებულია. ეს იყო უკანონო გაფიცვა, რადგან გაფიცვის ფორმა დადგენილია კანონმდებლობით, რომლის დაცვაც არ მომხდარა”. – თქვა ხმალაძემ
შეგახსენებთ, დღეს თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ და შეუსაბამო სამუშაო პირობებზე საუბრობდნენ.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათ მუშაობა გაუმართავი ავტომობილებითა და შეუსაბამო სამუშაო ფორმით უწევთ. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილსერვისჯგუფის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. მერიაში აცხადებენ, რომ თანამშრომელთა მოთხოვნების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმებისა და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით გადადგმულია ნაბიჯები.