ზუსტად იგივე მასალები „ნაცმოძრაობის” კუთვნილმა მედიამ დადო, თუ არ ვცდები 2 წლის წინ, ან შარშან, ან შარშან წინ, ანუ ამ კაცმა [სოსო გოგაშვილმა] ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა, იგივე რაღაც გაუგებარი დოკუმენტებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული კვლევის შესახებ განაცხადა. არასამთავრობო ორგანიზაციების, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევა, რომელიც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა დღეს გამოქვეყნდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, გამოქვეყნებული ფაილები არავითარ სიახლეს არ გვთავაზობს და ამას ერთადერთი ახსნა აქვს, „ქართული ოცნება“ არაფერს არ აფუჭებს.
„ვერავითარ სიახლეს ვერ გვთავაზობენ და ამას აქვს ერთადერთი ახსნა, ახსნა არის ის, რომ ჩვენ არაფერს არ ვაფუჭებთ, ამიტომ ვერ დებს ვერავინ ვერავითარ მამხილებელ მასალას, ვერავითარ კომპრომატს, ერთი და იგივე გაუგებარი ფურცლების ფრიალი ხდება „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან, ხან გოგაშვილის ეგიდით, ხან ხოჯევანიშვილის ეგიდით, ეს არის და ეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი შეფასებით არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს, რადგან სინამდვილეში არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და სამართლიანად.
„წინა არჩევნების წინ რაღაც მსგავსი დოკუმენტები იქნა გავრცელებული „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიების მიერ, ზუსტად იგივე და ახლაც იმავეს ატრიალებენ. ვიღაცამ რაღაც დოკუმენტები მოიგონა და ამას ატრიალებენ და ფანტაზიაც არ ყოფნით, რომ თუნდაც განსხვავებული დოკუმენტები შეადგინონ. სინამდვილეში არჩევნები ჩატარდა სათანადოდ, სამართლიანად და ეს რომ ასე არ ყოფილიყო, გარწმუნებთ, რომ ექნებოდათ საპირისპირო მტკიცებულებები, თუმცა იმიტომ არ აქვთ მტკიცებულებები, რომ არჩევნები სათანადოდო ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.