“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც პრეზიდენტი რამდენჯერმე აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში სააკაშვილს არ შეიწყალებს, “ამ მოცემულობიდან უნდა ამოვიდეთ”.
რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა “ქართული ოცნება” დიალოგთან დაკავშირებით კონსულტაციებს, კობახიძე ამბობს, რომ მმართველი პარტია პრეზიდენტს ამ პროცესთან დაკავშირებით ყველა ინიციატივაში გაყვება.
კითხვაზე, დაჯდება თუ არა “ქართული ოცნება” მოლაპარაკებების მაგიდასთან “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები დისკუსიას ყველა პარტიასთან გამართავენ.
“პრეზიდენტს თუ ექნება ინიციატივები ამ პროცესთან დაკავშირებით, ყველა ინიციატივაში გავყვებით, რამაც შეიძლება პოლარიზაციის ხარისხი შეაფასოს. ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვეუბნებით, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და ჩაერთონ ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში. თუ საუბარია დისკუსიასა და მოლაპარაკებაზე, მზად ვართ, ასეთი დისკუსია ყველასთან გავმართოთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის ნებიდან გამომდინარე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკითხზე, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ პრეზიდენტის ჩართულობით გაიმართება თუ ინდივიდუალურადაც, კობახიძე ამბობს, რომ ეს მეორეხარისხოვანია და დისკუსიები უნდა გაიმართოს ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის, ვისაც გარკვეული ტიპის მანდატი აქვს მიღებული.