“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ პროცენტები მმართველ პარტიას მოაკლეს და “ნაციონალურ მოძრაობას” და გიორგი გახარიას პარტიას თანაბრად გადაუნაწილეს.
“კვლევის მონაცემები, საბოლოო ჯამში, ყოველთვის აცდენილი იყო არჩევნების შედეგებს. როგორც წესი, ჩვენ პროცენტს გვაკლებდნენ და ეს პროცენტები ეწერებოდა “ნაციონალურ მოძრაობას.
ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად საინტერესოა, რომ ჩვენ მოგვაკლეს ეს პროცენტები, მაგრამ გადაუნაწილეს არა “ნაცმოძრაობას”, არამედ თანაბრად გადაუნაწილეს “ნაცმოძრაობასა” და გახარიას პარტიას. აქედან ძალიან მარტივი რამ იკითხება, დასტურდება ჩვენ მიერ არაერთგზის ნათქვამი, რომ გახარია, რეალურად, არის “ნაცმოძრაობის” პროექტი, მათი მიზანია პიარულად რაც შეიძლება წინ წამოწიონ ეს პარტია.” – ამბობს კობახიძე.