ის, რაც ე.წ. კონსილიუმმა გააკეთა, „ფეიკია”! – ასე შეაფასა სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა: “წამოვიდგინოთ, რომ ამ “ფეიკდასკვნას” გაგრძელება მოჰყვა, რაც არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას ის სცენარი მოჰყვა, რისიც გვეშინია – ამ შემთხვევაში, ეს მორიგი “ფეიკი” ისეთი რამ ხდება, რასაც შეიძლება მათ შორის ომბუდსმენისა და კონკრეტული ექიმების პირდაპირი პასუხისმგებლობა მოჰყვეს“.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, “ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით და ეს რომ არ გაკეთდა, კონსილიუმის პოლიტიკური მიკერძოებულობის მარტივი დასტურია“.
“თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ნინო ლომჯარიას და მის მიერ შექმნილი კონსილიუმის მიმართ, რომლის წევრთა უდიდესი უმრავლესობა პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია, რასაც ისინი თვეების განმავლობაში, მათ შორის საკუთარი საჯარო განცხადებებით არ მალავდნენ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ნდობის ხარისხი არის ძალიან დაბალი. წინასწარ ადვილად პროგნოზირებადი იყო ის ე.წ. დასკვა, რაც მათ მოამზადეს.
სინამდვილეში მათ დასკვნა შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით უნდა მოემზადებინათ. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას პოლიტიკური მოთხოვნა აღარ აქვს, ის პოლიტიკური მოთხოვნით აღარ შიმშილობს. მისი ერთადერთი მოთხოვნა ეს არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. მისი თქმით, თუ მას შიმშილობის შემდგომი სათანადო მკურნალობა უზრუნველყოფილი ექნება, შიმშილობას წყვეტს. ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით და ეს რომ არ გაკეთდა, კონსილიუმის პოლიტიკური მიკერძოებულობის მარტივი დასტურია“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.