„ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში არიან“, – ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის კორნელი სალიას არჩევას.
მისი თქმით, კოალიცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შემდეგ წალენჯიხაშიც გაფორმდა.
„მათ დადანაშაულება აღარ სჭირდება, პირდაპირ კოალიცია გაფორმდა უკვე მეორე მუნიციპალიტეტში. პირველი იყო ჩხოროწყუ, მეორე არის წალენჯიხა. ამით იშიფრება ის, რასაც ვამბობდით ჯერ კიდევ მუნიციპალურ არჩევნებამდე. მათ შორის არის რეალური ალიანსი ჩამოყალიბებული და ეს ფორმდება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში კოალიციის სახით. ის, რომ „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია არიან ერთმანეთთან კოალიციაში, უკვე არავისთვის არის დასამალი და ისინი უკვე ღიად საუბრობენ და არა მარტო საუბრობენ, იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა კობახიძემ.