„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სპეკულაციას უწოდებს შეფასებებს, თითქოს საზოგადოებასა და მედიაში ნაკლებად იმის გამო ჩანს, რომ „მისი პერსონალური ფაქტორი ელექტორატში პოპულარობით არ სარგებლობს“.
როგორც ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, პარტიაში ხშირად ატარებენ კვლევებს, რომლითაც მათივე ლიდერების მოწონების მაჩვენებლის გაზომვა ხდება, ასეთი კვლევებით კი მისი პერსონალური რეიტინგი პარლამენტის წევრებს შორის ყველაზე მაღალი – 30 %-ია.
„მე მაქვს სტანდარტული რეიტინგი, რაც შეიძლება ჰქონდეს პარლამენტის წარმომადგენელს. ყველა ქვეყანაში, როგორც წესი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს აქვს უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე საკანონმდებლო ხალისუფლების წარმომადგენლებს. რაც შეეხება პარლამენტის წრეს, პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მაქვს მე, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იგივე კახა კალაძე რომ ავიღოთ, უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ. ჩემი რეიტინგი ორნიშნაა. დაახლოებით 30%-ია. მაშინ, როდესაც კახა კალაძეს აქვს 50%-მდე, რომელიც ყველაზე მაღალია. ითვლება, რომ 30% მაღალი რეიტინგია საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგებლებისთვის.
სპეკულაციები ყველა ჩვენგანთან დაკავშირებით გვესმის მთელი ამ თვეების განმავლობაში. იყო სპეკულაციები თანამდებობიდან ჩემს წასვლაზე. ეს სპეკულაციები მუდმივად ვრცელდება იმისთვის, რომ რაღაცნაირად სცადონ ჩრდილის მიყენება ჩვენი საერთო იმიჯისთვის. მაგრამ ხალხი უკვე მიჩვეულია“,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა განმარტა, რატომ არ აქტიურობს საჯაროდ ბოლო პერიოდის განმავლობაში.
კობახიძე აღნიშნულის მიზეზად მის, როგორც შტაბის ხელმძღვანელის საქმიანობას ასახელებს და ამბობს, რომ ყველაფერი ეს „ძალიან დიდ დროსთანაა დაკავშირებული“.
როგორც კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, პოლიტიკურ პროცესებში ასეთივე სახით იყო ჩართული 2020 წლის არჩევნებში და ამ საკითხზე „სპეკულაციები მაშინაც იყო“.
„2016 წელს ვიყავი შტაბის უფროსის მოადგილე, 2016 წლის შემდეგ ყველა არჩევნებზე ვიყავი შტაბის ხელმძღვანელი. ამ ფუნქციას აქვს თავისი სპეციფიკა და დატვირთვა. ვინც ერკვევა შტაბის მუშაობის სპეციფიკაში, ყველამ იცის, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ძალიან დიდი დროსთან. დიდი დრო სჭირდება თითოეული დეტალის მოწესრიგებას. ჩვენ 1500-მდე ადამიანი გვყავს გასაყვანი საკრებულოში – ჩვენი კანდიდატები პროპორციული და მაჟორიტარული სიიდან, შესაბამისად, 1500-მდე გამსვლელი კანდიდატი გვყავდა შესარჩევი ამ დროის განმავლობაში, რაც არის ძალიან შრომატევადი საქმე. ამას სჭირდება დაგეგმვა, ორგანიზება. მთლიანად კამპანიაა დასაგეგმი, როგორც „პიარის“, ასევე შტაბების ფორმირების ნაწილში.
შარშან, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა, იგივე სახით ვიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. მაშინაც ნაკლებად ვაქტიურობდი საჯაროდ, არ ვესწრებოდი არც ერთ წარდგენას. ერთადერთი შემთხვევა იყო, რომ რაჭაში დავესწარი წარდგენას. მაშინაც მქონდა იგივე დატვირთვა დროის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მაშინაც იყო იგივე სპეკულაციები. სატელევიზიო სეზონი იყო დახურული და იყო პასიური რეჟიმი, სექტემბერში მექნება აქტიური პოლიტიკური ჩართულობის პერიოდი, მათ შორის მედიაში. რაც შეეხება წარდგენას და მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, გამიჭირდება აქ უშუალოდ ჩართვა“,- განაცხადა კობახიძემ.