უკრაინის ვიცე პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განაცხადებით, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან უკრაინელი სამხედროების გამოყვანის ოპერაცია გრძელდება.
„სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, გუშინ 52 მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია განხორციელდა. მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ მათ რუს სამხედრო ტყვეებზე გავცვლით“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რომ ჯგუფი ჰუმანიტარული ოპერაციის შემდგომ ეტაპებზე მუშაობს.
შეგახსენებთ, „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციის პროცესი გუშინ დაიწყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ინფორმაციით, მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო კიდევ 211 დამცველი ჰუმანიტარული დერეფნით ოლენევკაში გადაიყვანეს. გენშტაბში განმარტავენ, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი დაბრუნება გაცვლითი პროცედურების გზით მოხდება.