1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული 100 პირიდან 15 ბავშვია, რაც არ არის დაბალი მაჩვენებელი, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბავშვებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით გაზრდილია.
„1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 90 000 ბავშვი იყო ინფიცირებული კორონავირუსით და თუ პროცენტულად გავთვლით, ინფიცირებულთა შორის 15 %-არის ბავშვი ანუ 100 ინფიცირებულიდან 15 არის ბავშვი და არ მგონია, რომ ეს იყოს დაბალი მაჩვენებელი, პირიქით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის შემდეგ მოიმატა ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა. თუ დასაწყისში იყო 7 %, შემდეგ „ალფა“ შემთხვევაში 10%, ახლა არის 15%, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
ჩვენ არ ვთვლით, რომ ბავშვებში კორონავირუსი მიმდინარეობს მსუბუქად, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშით, ბავშვების 8.3%-ს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია ანუ 100 ინფიცირებული ბავშვიდან 9 ხვდება საავადმყოფოში. დღეისათვის საქართველოში კორონავირუსით ბავშვთა გარდაცვალების 8 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ბავშვებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაზრდილია 2020 წელთან შედარებით და ესეც სერიოზული განსხვავებაა. ეს არის არგუმენტები, რომლებიც ადასტურებს კორონავირუსის ვაქცინაციის მნიშვნელობას ბავშვთა ასაკში, ასე რომ ჩვენ 12-15 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინაციას ვიწყებთ. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ველოდებით, რომ ხვალიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა ჩხაიძემ.