კოვიდპასპორტი იყო გადასახედი, იყო გარკვეული დებულებები შესაცვლელი, მაგრამ გასაუქმებელი არა, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კოვიდპასპორტმა საქართველოში იმ ფორმატში, რა ფორმატშიც არსებობდა, აზრი დაკარგა.
„ჩვენ თავიდან დიდი სურვილი გვქონდა, რომ კოვიდპასპორტი სხვა ფორმატით ყოფილიყო გამოყენებული, ვინაიდან „ომიკრონის“ შემოსვლის შემდეგ გარკვეული დებულებები, რომლებიც კოვიდპასპორტის ორიგინალურ ვერსიაში იყო, უკვე არ შეესაბამებოდა რეალობას. განსაკუთრებით, გადატანილი კორონავირუსის ვადის დაფიქსირების გარეშე კოვიდპასპორტის აღებაზე. ამის შემდეგ „ომიკრონმა” მართლაც ბევრი რამ შეცვალა და ყველაფერი, რაც კოვიდპასპორტში უკვე წერია ცოტათი აცდენილია რეალობისაგან, იგივე გადატანის შემდეგ პერიოდი, იგივე რამდენად საიმედოა ანტიგენის სწრაფი ტესტი, 72 – საათიანი პერიოდი რამდენად შეესაბამება ჯაჭვური რეაქციის ეფექტურობას. ასე რომ კოვიდპასპორტი ჩვენი აზრით იყო გადასახედი, ჩვენი აზრით იყო გარკვეული დებულებები შესაცვლელი, მაგრამ გასაუქმებელი არა. რევიზია ნამდვილად საჭირო იყო, ჩვენ გვქონდა ამის სურვილი და სხვადასხვა ვარიანტებსაც განვიხილავდით. კოვიდპასპორტმა ჩვენთან იმ ფორმატში, რა ფორმატშიც არსებობდა, რა თქმა უნდა, აზრი დაკარგა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“.