„დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება კარგია, მაგრამ ის ვერ იქნება იმ შედეგის მომტანი რა მოლოდინსაც ოპოზიციური პარტიების და მედიის ნაწილი საზოგადოებაში აჩენს“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონი ივანიშვილზე ვერ გავრცელდება, რადგან იგი პოლიტიკაში ფორმალურად არ მონაწილეობს, ამიტომ იგი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს.
„ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს კანონი ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მიზეზი მარტივია, ბიძინა ივანიშვილი ფორმალურად არ მონაწილეობს პოლიტიკაში და შესაბამისად კანონი მასზე ვერ გავრცელდება, მაგრამ მე როგორც ერთი მოქალაქე, მხარს ვუჭერ ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობას, რომელიც სამომავლოდ დააზღვევს პოლიტიკურ სისტემას მდიდარი ადამიანების გავლენებისგან და მედიას მისცემს საშუალებას არ იყოს ვინმეს ინტერესების გამომხატველი. თუმცა, ამის უფლება მედიას აქვს თუ ის საჯაროდ განაცხადებს, რომ არის პარტიული ტელევიზია, რაც ასევე ნორმალურია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
შეიძლება პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის მისაღწევად (ორივე 12 პუნქტის ნაწილია) ვიღაცისთვის ოლიგარქი, ვიღაცისთვის პოლიტიკური ლიდერი, ვიღაცისთვის მეცენატი – ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს, ესაა ერთადერთი სწორი გამოსავალი დღეს შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ქართული ოცნების პოლიტიკა და რიტორიკა გახდა არაპროგნოზირებადი და დამაბნეველი მისივე მომხრეებშიც კი.
იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდეს, პასუხისმგებელი პროცესებზე უნდა იყოს ის, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს ან ამ გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი რესურსი გააჩნია.
არ დავაკნინებ ღარიბაშვილის როლს მთავრობაში, როგორც ეს დღეს მოდაშია, რა თქმა უნდა მას აქვს მოქმედების გარკვეული თავისუფლება, მაგრამ ვფიქრობ არ აქვს მთავარი – პოტენციალი წინააღმდეგობა გაუწიოს ბიძინა ივანიშვილის სურვილს არაფორმალურად ჩაერიოს პოლიტიკურ პროცესში, ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში. თეორიული შანსიც კი არ არსებობს, რომ ის თუ მოინდომებს გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე, ვინმე შეძლებს მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
შექმნილი ვითარება არ იძლევა საშუალებას შეიქმნას მყარი პოლიტიკური სისტემა, სადაც პასუხისმგებლობა და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულება განსაზღვრავს პოლიტიკოსის წარმატებასაც და წარუმატებლობასაც.
დეოლიგარქიზაციის მიზნის მიღწევასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ესაჭიროება მის პოლიტიკურ გუნდსაც, რომლისთვისაც მასთან კომუნიკაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია პასუხი გაეცეს კითხვებს, რომელიც არა მარტო საზოგადოებაში, არამედ მის მომხრეებშიც არსებობს, მაგალითად რატომაა ბოლო დროს ანტიდასავლური რიტორიკა ასე მოდაში? ან რა გახდა რამდენიმე კაცის სასამართლოდან ჩამოშორება და ამით სისტემის გაჯანსაღების დაწყება და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სჭირდება ასევე ოპოზიციას, რომელიც ოცნების შეცდომებთან ერთად, საკუთარ შეცდომებსაც ბიძინა ივანიშვილს აბრალებს და იშვიათად ცდილობს პრობლემის საკუთარ თავში დანახვას.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აღმოფხვრის იმ მახინჯ პრაქტიკას, როდესაც პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში პრემიერების შეცვლა „აგვარებს“ ყველანაირ პრობლემას და ყველაფერი ისევ ისე გრძელდება. დამეთანხმებით, ეს წინააღმდეგობაში მოდის კონსოლიდირებული დემოკრატიის პრინციპთან და პოლიტიკური სისტემის მდგრად ინსტიტუციურ განვითარებასთან.
2012 წელს, როცა ის პოლიტიკაში მოვიდა, პრაქტიკულად „შუა გაკრიფა“ და ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემა მივიღეთ. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ის შუა არც არასდროს არსებობდა და რეალურად ნაციონალური მოძრაობის ქოლგის ქვეშ შექმნილი ყალბ სატელიტ პარტიებს წარმოადგენდნენ, რაც შემდგომში დრომ დაადასტურა კიდეც, რადგან ვერც ერთმა მათგანმა პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება ვერ შეძლო. დღეს პოლიტიკური პარტიები ისევ ჩანასახის მდგომარეობაში არიან, მათი განვითარება და წარმატება კი ორპოლუსიანი სისტემის დასრულებაზე გადის.
იმისთვის, რომ თანამედროვე პარტიული ევროპული სისტემა ჩამოყალიბდეს აუცილებელია პოლიტიკურ მოედანზე რეალური მოთამაშეები იყვნენ და არა ვიყოთ იმ მდგომარეობაში როდესაც მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც საკუთარ წარმატებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს მაგალითად, ქართული ოცნებისთვის პოლიტიკური წარმატების გარანტია ისევ ერთი კაცია, რომელიც მათ ყველა პრობლემას მოაგვარებს, ხოლო ოპოზიციისთვის პოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას უტოლდება.
რეალური პოლიტიკური პროცესი კი მაშინ დაიწყება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დღის სინათლეზე გამოვა, ოპოზიცია ოპონირებაში დაამარცხებს და არჩევნების გზით შეძლებს ხელისუფლების შეცვლას. მესმის რომ ამას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში იგი დარჩება კაცად რომელიც არაფერზეა პასუხისმგებელი, მაგრამ ყველას „ეიმედება“, – წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში