აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ამ მომენტისთვის დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა. ამის შესახებ ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ამის განხორციელებას მოდევნო დღეებში აპირებს.
ამასთან, როგორც ბაიდენმა აღნიშნა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სამიზნე კიევი იქნება.
ჯო ბაიდენმა ასევე ისაუბრა რუსულ დეზინფორმაციაზე, რომელიც, მისი თქმით, შეიძლება რუსულმა მხარემ უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენოს. თეთრ სახლში გამოსვლისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის ხედავს „ცნობების ზრდას ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შესახებ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ უკრაინის პროვოცირებას დონბასში”.
„მაგალითად, გუშინ უკრაინაში საბავშვო ბაღის დაბომბვა, რომელზეც რუსეთი ამტკიცებდა, რომ უკრაინამ განახორციელა. ჩვენ ასევე ვხედავთ უფრო და უფრო მეტ დეზინფორმაციას რუსეთისგან, მათ შორის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან, იმის მტკიცებით, რომ უკრაინა გეგმავს წამოიწყოს მასიური შეტევა დონბასში“, – თქვა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ, მაგრამ თქვა, რომ „არ არის გვიანი დეესკალაციისთვის და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე“.
ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი დათანხმდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 24 თებერვალს ევროპაში შეხვდნენ ერთმანეთს. „მაგრამ თუ რუსეთი ამ თარიღამდე სამხედრო მოქმედებებს განახორციელებს, ცხადი გახდება, რომ მათ დიპლომატიის კარი დაკეტეს“, – დასძინა ბაიდენმა.