არავინ უჩივის სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუციის დაცვა არის ყველას ვალი, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
„თქვენ, სად წაიკითხეთ, უბრალოდ, რომ აპირებს სასამართლოს მიმართოს? ეს განცხადება არავის გაუკეთებია.
თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერცერთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოს უნდა მიმართოს. საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი.
სხვა რაღაცაზე თქვენ სვამთ კითხვას და ამიტომ, გაერკვიეთ და შემდეგ დასვით შეკითხვა. გარკვეული რომ იყოთ, ამ შეკითხვას არ დასვამდით. არავინ უჩივის სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუციის დაცვა არის ყველას ვალი. რა თქმა უნდა, ჩვენ, პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ კონსტიტუცია დავიცვათ. თუ ჩვენ არ დავიცავთ კონსტიტუციას, რიგით მოქალაქეებს რა უნდა მოვთხოვოთ კანონის დაცვაზე? ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ ვართ ვალდებულები დავიცვათ კონსტიტუცია. თქვენ, როგორ მოგეწონებათ ახლა, რომ მე, ქალაქის მერი უხეშად ჩავერიო პრეზიდენტის უფლებამოსილებაში ან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაში ან პირიქით. შესაბამისად, კონსტიტუციის დაცვა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლაც და სამომავლოდ. არანაირ დასჯაზე საუბარი არ არის, ნუ იგონებთ და ნუ სპეკულირებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავის დაწყების თაობაზე განცხადება გუშინ, თავად „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა. როგორც მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში იყო ნათქვამი, პრეზიდენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის არაერთგზის დარღვევას, რის გამოც „ქართული ოცნება“ იძულებული ხდება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.